ჩვენი მთავარი სამუშაო დღეს ისაა, რომ ქართული კაკალი მსოფლიო ბაზარს გავაცნოთ, როგორც პრემიუმ ხარისხის და დავიმკვიდროთ თავი. ეს სავსებით რეალურია, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ქვარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართული კაკალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისაა გლობალურად.
„როცა ჩვენ ექსპერტები გვყავდა ჩამოყვანილი, ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენი კაკლის ხარისხი კალიფორნიულისას ჯობია და უტოლდება ჩილეს ხარისხს. აღსანიშნავია, რომ გლობალურად კაკლის მთავარი მწარმოებლები კალიფორნიის გარდა, ჩინეთი და ჩილეა“, - განაცხადა ლევან ქვარიანმა და დასძინა, რომ წინა წელთან შედარებით კაკლის საერთაშორისო ფასები გაიზარდა.
„გასულ წელს საქართველოში კაკლის ექსპორტი თითქმის არ იყო, ვინაიდან ადგილობრივ ბაზარზე გაცილებით უფრო ძვირი იყო კაკალი, ვიდრე საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, ქართველ მეწარმეებს ექსპორტს მოტივაციაც არ ჰქონდათ. შარშან არ იყო დიდი მოცულობა, წელს უფრო მეტი იქნება“, - აღნიშნა ასოციაციის დირექტორმა.
მისი თქმით, გასულ წელს, საქართველოში წარმოებულმა ე.წ. ჩანდლერის ჯიშის გაუტეხავმა კაკალმა 2500 ტონა შეადგინა.
„ვფიქრობ, წელს 3500-4000 ტონამდე მოსავლის მიღებაა შესაძლებელია. წელსაც დიდი რაოდენობა გაიყიდება ადგილობრივ ბაზარზე. თუმცა, არიან მწარმოებლები, რომლებიც ექსპორტით არიან დაინტერესებული და უკავშირდებიან პოტენციურ შემსყიდველებს.
რაც შეეხება ფასებს, საქართველოში დაახლოებით ღია ბაზრებზე გაუტეხავი 10 ლარი ღირდა, ხოლო ნიგვზის ანუ გულის ფასი 24-30 ლარამდე მერყეობდა“, - განაცხადა ლევან ქვარიანმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქართველმა ფერმერებმა დაიწყონ ფიქრი თვითღირებულების შემცირებაზე.
ჩანდლერის ბაღების მოსავლიანობა, 2030 წლისთვის დაახლოებით 5,600 ტონა კაკალი იქნება - Galt & Taggart