მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნუშის იმპორტს მომავალი წლიდან აზრი დაეკარგება“ - თორნიკე ლათათია

64746e1caf32e
ნანუკა ნარიმანიძე
30.05.23 01:00
3778
ადგილობრივ ბაზარზე ნუშის მოთხოვნა და მოხმარება დაბალია, რაც ახალი ბაზრების მოძიებას მოითხოვს - ამის შესახებ ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა თორნიკე ლათათიამ გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას თქვა.

„ნუშის იმპორტს მომავალი წლიდან აზრი დაეკარგება. შარშანდელი პრობლემა გადამამუშავებელი სიმძლავრეების არარსებობა იყო, ამიტომ ლოჯისტიკური პროცესის დალაგება გართულდა, თუმცა, წელს იგეგმება მინიმუმ ორი ქარხნის აშენება, რომელიც ნუშის ექსპორტს უზრუნველყოფს. ჩვენს ნუშზე გალფის ქვეყნებიდან საკმაოდ დიდი დაინტერესებაა და საინტერესო ფასსაც გვთავაზობენ, ამასთან, ქარხანა გატეხილი ნუშის ბაზარზე მიწოდებასაც უზრუნველყოფს,რაც იმპორტს სრულად ჩაანაცვლებს “, - დასძინა მან.

ამასთან, თორნიკე ლათათიამ კაკლის ექსპორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპორტზე გასვლას 2-3 წელი დასჭირდება.

„არსებულ ბაზარზე კაკალზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ვფიქრობ, 2-3 წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანაში იმპორტი სრულად ამოივსოს და პროდუქტი ექსპორტზე გავიდეს, შარშან, დაახლოებით 2000 ტონა კაკლის იმპორტი დაფიქსირდა, ამიტომ, ვფიქრობ, მომავალი წლის წარმოება სრულად ვერ დაძლევს იმპორტს“, - ამბობს ის.

გარდა ამისა, ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა კაკლისა და ნუშის ინდუსტრიის მომგებიანობაზეც ისაუბრა.

„დარგი თანმიმდევრულად ვითარდება, ნუში და კაკალი საქართველოში აქტუალური 7-8 წლის წინ გახდა. პროცესში იყო ბევრი გამოწვევა, თუმცა შარშანდელმა წელმა გვაჩვენა, რომ ამ ინდუსტრიაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა მოსავლის სახით ხელშესახები ციფრები მოგვცა.ინდუსტრიაში ძირითადი გამოწვევა აგრონომიული ცოდნა იყო, ეს დღევანდელი მდგომარეობით დაძლეულია და ფერმერებმა უკვე ზუსტად იციან მოვლის წესები. აღსანიშნია ისიც, რომ კაკლისა და ნუშის ინდუსტრიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ამის ყველაზე დიდი ინდიკატორია საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლა. ამერიკული ინვესტიციები, გერმანულ-შვეიცარიული, ესპანური და ა.შ.", - განმარტა მან.

საერთაშორისო ინვესტიციებზე საუბრისას, თორნიკე ლათათია აღნიშნავს, რომ ასოციაცია ამერიკელი და ესპანელი აგრონომების ჩამოყვანასაც გეგმავს.

„ასოციაციის ეგიდით ბევრს ვმუშაობთ, გვსურს ამერიკელი და ესპანელი აგრონომები ჩამოვიყვანოთ, წლის განმავლობაში ვატარებთ ტრენინგებს, წელს 5-6 ტრენინგი უკვე ჩავატარეთ, სადაც მთლიანად ჩასატარებელი სამუშაოს შესახებ საერთაშორისო გამოცდილებას ვაზიარებთ. ტრენინგებზე ვაზიარებთ, როგორც უცხოელი აგრონომების რეკომენდაციებს, ასევე ადგილზე დაგროვილი გამოცდილებას, რაც შეცდომის რისკებს საგრძნობლად ამცირებს", - ამბობს ის.

ამასთან, ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია წელს პირველ კომერციულ მოსავალს ელოდება.

„ჩვენმა პროდუქტმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია, წელს ავიღებთ კომერციულ მოსავალს და გავალთ პირველ ექსპორტზე გალფის ქვეყნებში, შვეიცარიაში, გერმანიაში და ა.შ. გვსურს, ჩვენი პროდუქტი ყველგან გავიტანოთ", - თქვა ლათათიამ.

ცნობისთვის: თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, თხილის მოსავლიანობის გაზრდას ელოდებიან. როგორც BM.GE-ს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ განუცხადა, მიმდინარე წლის თხილის მოსავალი გასულ წელთან შედარებით 5 000 ტონით მეტი იქნება. მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის მოლოდინები დადებითია.

კარგი მოსავლის მოლოდინია ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის მხრიდანაც. წინასწარი პროგნოზით, 2023 წლის კაკლის სავარაუდო მოსავალი დაახლოებით 8600 ტონას შეადგენს. აქედან 3000 ტონას მარტო კაკლის ახალი ბაღებიდან ელოდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები