საქართველოში ადგილობრივად წარმოებულმა ნუშმა იმპორტირებულის ჩანაცვლება დაიწყო - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ქვარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გასულ წელს საქართველოში ნუშის ფასის შემცირებაც დაიწყო.
„მომავალი 2-3 წლის განმავლობაში იმპორტირებული ნუში ადგილობრივით ჩანაცვლდება. მოგეხსენებათ, იმპორტის შემთხვევაში მას საბაჟო გადასახადები და ტრანსპორტირების ხარჯები ემატება, ამიტომაც ქართულ ნუშს მარტივად შეუძლია იმპორტირებულს კონკურენცია გაუწიოს.
გასულ წელს შევატყვეთ, რომ ნუში გაიაფდა. თუ ადრე ბაზარში 1 კგ ნუში 40 ლარი ღირდა, შარშან 20 ლარადაც შეგეძლოთ ნუშის გულის შეძენა“, - აღნიშნა ქვარიანმა.
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მსოფლიო ტენდენციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნუშის ერთ-ერთი პირველი და ძირძველი მწარმოებელი მსოფლიო მასშტაბით კალიფორნიაა, რომელზედაც გლობალური წარმოების 75% მოდის.
„კალიფორნიული ნუშის ბაზარზე არსებული ფასები და ტენდენციები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის საბოლოოდ გავლენას ახდენს მსოფლიო ბაზარზე და მათ შორის საქართველოს ნუშის საექსპორტო პოტენციალზე. 2023 წლის ნუშის მოსავალი მერყევი ფასებით გამოირჩეოდა. ახლა კი შარშანდელთან შედარებით, ფასები გაზრდილია. ეს გამოწვეულია იმით, რომ კალიფორნიაში აღარ არის დიდი მარაგები, რომელიც 2020 წელს დაგროვდა და ყოველწლიურად გადმოდიოდა. წელს ეს მარაგი იწურება, შესაბამისად, ფასებმა დაიწყო ზრდა“, - აღნიშნა ლევან ქვარიანმა და დასძინა, რომ ამჟამად კალიფორნიული ნუშის ფასი საშუალოდ 5.30 დოლარია.
რაც შეეხება საქართველოში ნუშის წარმოებას, როგორც ქვარიანმა აღნიშნა, ნუშის ბაღების რაოდენობა გაიზარდა და დღეს უკვე 6000 ჰექტარამდე ფართობს მოიცავს. შედეგად, გასულ წელს, გაუტეხავი ნუშის მოსავლის მოცულობა 2000 ტონამდე იყო. წელს კი, ასოციაცია უფრო დიდ მოსავალს ელოდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში ბევრი ბაღი გაშენდა და ფერმერებმაც ისწავლეს ნუშის მოვლა, ყოველწლიურად იზრდება მათი მოსავლიანობა. ვფიქრობ, რომ წელს 3000 ტონა, უკეთეს შემთხვევაში კი 4000 ტონა იქნება. ამიტომაც, ჩემი აზრით, დროა ნელ-ნელა საექსპორტო ბაზრებზე გავიდეთ. განაცხადა ლევან ქვარიანმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.
მისივე თქმით, გასულ წელს საქართველოდან სატესტო ექსპორტი განხორციელდა, მათ შორის ევროკავშირშიც, ასევე დუბაისა და ინდოეთში. როგორც მან აღნიშნა, კალიფორნიული ნუშისთვის კონკურენციის გაწევა მარტივი არ არის. თუმცა, ჩვენი უპირატესობაა ისაა, რომ მაგალითად, ე.წ. გალფის ქვეყნებს, ან ინდოეთს შეგვიძლია ნუში კალიფორნიულთან შედარებით უფრო მარტივად და მალე მივაწოდოთ.
აღსანიშნავია, რომ 537.30 ათასი აშშ დოლარის 154 ტონა ნუშის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 1465.83 ათასი აშშ დოლარის 343 ტონა ნუში გავიდა.