პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის პრესსპიკერს, მეთიუ მილერს, კანადის და შვედეთის ოფიციალურ განცხადებებს პასუხობს.
საქმე ის არის, რომ მეთიუ მილერმა არ გამორიცხა, შემდგომი შედეგები, თუ საქართველოს მთავრობის კურსი არ შეიცვლება. კანადის საგარეო სამინისტროს განცხადებით, კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას გადააფასებს, ხოლო შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს.
„ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებას არავის ვურჩევ, ვინაიდან გამოცდილება აჩვენებს, რომ შემდეგ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ ხოლმე და უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს უცხოელი აქტორები. მართალია, მერე ბოდიშს აღარ იხდიან ხოლმე, მაგრამ საბოდიშოდ აქვთ საქმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე. პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩებმა ამ საკითხზე დემარში გამოუცხადეს საქართველოს, თუმცა ამ დემარშიდან რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლომ ამ 27 ქვეყნის ერთობლივი განცხადება იმაში ამხილა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებაზე დაფუძნებული.
„სწორედ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი, მისი ქვეყნები და წარმომადგენლები, როცა აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად გამოგონილ, ცრუ ბრალდებას ეფუძნებოდა ეს დემარში“, - თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე უცხოელ აქტორებს ურჩევს, რომ თუ არ უნდათ კიდევ ჩაიგდონ თავი უხერხულად ქართველი ხალხის მიმართ და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით.
„ყველა ნახავს სურათს, რა საჩივრები არის, იქნება ამ საჩივრების განხილვა", - თქვა პაპუაშვილმა.