საკრედიტო ტენდენციების შეფასებისას „ნაკადების“ დინამიკაზე დაყრდნობა, ხშირად, შეცდომაში შემყვანია, - ასე ეხმიანება სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უტიაშვილი გიორგი ხიშტოვანის ანალიზს.
საქმე ისაა, რომ ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დაკრედიტებასთან დაკავშირებით სიტუაცია საყურადღებოა და მომავალშიც ღირს მასზე დაკვირვება. კერძოდ, ის ნაკადების, ანუ ახალი სესხების მონაცემების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ ბოლო სამი წელია (2022-2024), პირველ ოთხ თვეში საბანკო დაკრედიტების საშუალო ზრდის ტემპი 17% იყო, წელს კი ეს მაჩვენებელი 3,5-ჯერ შემცირდა და 5,1%-მდე ჩამოვიდა, რაც ხიშტოვანის თანახმად, ძალიან დაბალი და ცუდი მაჩვენებელია ქართული კომერციული ბანკებისთვის.
თავის მხრივ, დავით უტიაშვილი, რომელიც გიორგი ხიშტოვანის პოსტს სოციალურ ქსელში პასუხობს, განმარტავს, რომ ახალი გაცემული სესხებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი არსებული ვალის რეფინანსირებაა და მისი გამორიცხვის გარეშე, ნაკადებზე დაკვირვება არასწორ სურათს გვაძლევს, თუ როგორ დაკრედიტდა რეალური ეკონომიკა.
"ამიტომ, მიღებულია უშუალოდ პორტფელის ნაშთის ზრდაზე დაკვირვება. ამ კუთხით, აპრილის მდგომარეობით, სესხების წლიური ზრდის ტემპმა 15.5% შეადგინა. დაახლოებით მსგავსი სურათია უშუალოდ 2025 წლის პირველი 4 თვის ზრდის ტემპის გაწლიურებისას.
ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ვთქვათ გასული წლის იგივე პერიოდში დაფიქსირებული 18%, თუმცა ეკონომიკური ზრდის ნორმალიზაციის პარალელურად, სესხების ზრდის ტემპის ასეთი ნორმალიზაცია მოსალოდნელია. ამასთან, სესხების შეფარდებით მშპ-სთან საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში. ასეთ პირობებში, დამატებით კიდევ წლიური 15.5% ზრდა შეიძლება ჩაითვალოს როგორც საკმაოდ ძლიერი და მდგრადი მაჩვენებელი. სწორედ ამის ხაზგასმაა ჩვენს რელიზებსა და საჯარო კომუნიკაციაში", - აღნიშნავს დავით უტიაშვილი.




























