ტაივანის ვიცე-პრემიერმა, ჩენგ ლი-ჩიუნმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნახევარგამტარების წარმოების 40%-ის გადატანა არარეალურია და ეს არ მოხდება.
როგორც მაღალი თანამდებობის პირი ამბობს, ტაივანის ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტრატეგიაში მკვეთრადაა გაწერილი, რომ ნახევარგამტარების წარმოების უდიდესი ნაწილი კუნძულზე უნდა დარჩეს. შესაბამისად, შტატების მოთხოვნის სრულფასოვნად დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნება.
8 თებერვალს, ტაივანური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ტაივანი ტექნოლოგიური სექტორისთვის მნიშვნელოვანი ინდუსტრიის მსოფლიოს მასშტაბით გაშლას უარყოფითად არ აღიქვამს, თუმცა ის, რომ წარმოების კრიტიკული ნაწილი კუნძულს გასცდეს, ეს არარეალურია.
“ჩვენთვის სასურველიც კია, რომ ტაივანური ნახევარგამტარების წარმოება სხვა ქვეყნებშიც დაიწყოს, რადგან ეს მათ ბაზრებზე ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და საშუალებას მოგვცემს, უფრო დროულად მივაწოდოთ დამკვეთებს პროდუქცია. თუმცა არსებობს ზღვარი, რომელსაც ვერასდროს გავცდებით, რადგან ეს ჩვენს ეკონომიკურ სტაბილურობასა და დაცულობას საფრთხის წინაშე დააყენებს.” - განაცხადა ჩენგ ლი-ჩიუნმა.
ტაივანის ვიცე პრემიერი ამ კომენტარით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 2028 წლამდე, ანუ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნახევარგამტარების წარმოების 40%-ის ტაივანიდან გადმოტანა უნდა შეძლოს, რათა ჩინეთიდან მომავალი საფრთხეები შეამციროს და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს საშუალება მისცეს, დროულად და შედარებით შეღავათიან ფასად მიიღონ ხელოვნური ინტელექტისა თუ სხვა ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო მოწყობილობები. შეგახსენებთ, 2026 წლის იანვარში ტაივანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმება დაიდო, რომლის ფარგლებშიც ტაივანურ პროდუქციას ტარიფები 15%-მდე შეუმცირდა, ოფიციალურმა ტაიპეიმ კი პასუხისმგებლობა აიღო, რომ შტატებში $250 მილიარდის პირდაპირ ინვესტიციებს განახორციელებდა. ეს ინვესტიციები კი განსაკუთრებით ნახევარგამტარების ინდუსტრიის განვითარებას უნდა მოხმარდეს. ტაივანის ვიცე-პრემიერის განცხადებას თეთრი სახლი ოფიციალურად ჯერ არ გამოხმაურებია.




























