მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნამახვანი ინვესტორს მივუგდეთ, ნენსკრაჰესზე კი კომუნიკაცია თავიდანაა დასაწყები” - ენერგეტიკოსი

6283afb7e260c
ანუკა ჯოხაძე
21.05.22 23:26
1805
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, რომ “ნენსკრაჰესის” ინვესტორმა, კორეულმა კომპანია K Water-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა და ჰიდროელექტროსადგური ამ დრომდე ვერ ააშენა.

პროექტი, რომელიც 2015 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა, ამ ეტაპზე დაპაუზებულია. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, მოსახლეობის ნაწილი პროექტის მომხრეა, თუმცა ნაწილს აქვს კითხვები, რომელიც შესაბამის პასუხებს საჭიროებს.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, რომ ნენსკრაჰესზე კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან თავიდან არის დასაწყები, რათა სვანეთშიც ნამახვანის მსგავსი სცენარი არ განმეორდეს.

“ნენსკრაჰესზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია გასააქტიურებელი კი არა, თავიდან არის დასაწყები. ნამახვანი მივუგდეთ ინვესტორს, მოსახლეობასთან კომუნიკაცია ინვესტორს გადავაბარეთ. ამან გამოიწვია ყველაფერი. სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მან უნდა შეძლოს დაამყაროს კომუნიკაცია მოსახლეობასთან, გაითვალისწინოს ის, რისი გათვალისწინებაც არის შესაძლებელი და პროექტი მიიყვანოს იმ კონდიციამდე, რომ მშენებლობის დაწყების შემდგომ არ შეექმნას საფრთხე", - განაცხადა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ.

ცნობისთვის, 2015 წლის აგვისტოში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში “ნენსკრაჰესის” 280-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობა იწყებოდა. ამ განცხადებიდან თითქმის 7 წელი გავიდა და პროექტი, როგორც ფინანსური პრობლემების, ასევე მოსახლეობის პროტესტის და პროექტის გენერალურ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო შეჩერებულია.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი აქვს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს.

თავად "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ 2021 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ "ნამახვანჰესის" პროექტის პროტესტის ფონზე, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ რატომ არის ნენსკრას სადგურის მშენებლობა შეჩერებული.

280-მეგავატიანი “ნენსკრაჰესის” ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდს შეადგენს და მან დასრულების შემდეგ 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. სახელმწიფოსთან გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის (PPA) შეთანხმებით, საქართველო ელექტროენერგიას წინასწარ დადგენილი ტარიფით (7.55 ცენტი კილოვატ საათზე) შეიძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები