ერევნის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წმინდა ეჩმიაძინის დედათა საყდრის კანცლერს, მთავარეპისკოპოს არშაკ ხაჩატრიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი საჯარო ადგილზე ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში ედება - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
"სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მთავარეპისკოპოს ხაჩატრიანის მიმართ დაწყებულია საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ელი და მე-4 პუნქტებით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებას პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, საჯარო ადგილას.
მანამდე მისმა ადვოკატმა, არსენ ბაბაიანმა განაცხადა, რომ სასამართლოსგან არანაირი მოლოდინი არ ჰქონდა, რადგან გადაწყვეტილება უკვე გამზადებული და დაწერილი იყო და მათ უბრალოდ განჩინების ასლს გადასცემდნენ", - წერს მედია.
ადვოკატის ცნობით, მთავარეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი 4 დეკემბერს დააკავეს. როგორც მან მედიასთან განმარტა, გამოძიების თქმით, 2018 წელს ხაჩატრიანმა კათალიკოსი გარეგინ II-ის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთ პირს, სავარაუდოდ, აქტივისტის ჩანთაში ნარკოტიკის ჩადება დაავალა, მომიტინგეების დისკრედიტაციის მიზნით. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებას, რომლითაც მას ბრალი წაუყენეს (ნარკოტიკებით ვაჭრობა), არანაირი კავშირი არ აქვს თავად გამოძიების მიერ აღწერილ ინციდენტთან.




























