საქართველოში ლუდის და არაალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა სააქციო საზოგადოება "ლომისმა", რომელიც ბაზარზე "ნატახტარის" ბრენდით არის წარმოდგენილი, 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 16.2 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 216.4 მილიონ ლარს მიაღწია.
ანგარიშის თანახმად, 2 მილიონი ლარით შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება, რამაც 35 მილიონი ლარი შეადგინა. მოგების შემცირება კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების ზრდამ განაპირობა, რამაც 104 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს "ნატახტარის" გაყიდვებმა ადგილობრივ ბაზარზე 113 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 103 მილიონი ლარი იყო. კომპანიის ადგილობრივი გაყიდვები 2.2 მილიონი ლარით, ხოლო საექსპორტო გაყიდვები 13 მილიონი ლარით გაიზარდა.
კომპანიის ფინანსურ ანგარიშში არაა დაკონკრეტებული თუ რა იყო გასულ წელს ლუდს სეგმენტიდან და უალკოჰოლო სასმელების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი.
ანგარიშის თანახმად, კომპანიის დისტრიბუციის ხარჯი 28 მილიონ ლარს, შეადგენდა, ადმინისტრაციული ხარჯები კი 22 მილიონი ლარი იყო.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ნატახტარის” აქტივების ზომა 152 მილიონი ლარია, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა თურქული გიგანტი Anadolu Efes Biracilik Ve Malt Sanayii AS ჯგუფი.