საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგი სავარაუდოდ, გუშინ, სებ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რაც ოთარ ფარცხალაძეს ეხება.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.
19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.