ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შესმრულებელი ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ "ნამახვანიჰესის" პროექტი დადგენილ ვადებში და წარმატებით განხორციელდება. როგორც თურნავამ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა, ეკონომიკის სამინისტრო ჩართულია პრობლემის დარეგულირებაში, რომელიც აღნიშნული პროექტის ირგვლივ დადგა.
"ინვესტორი კომპანია (ENKA) 2000-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უამრავ სოციალურ პროექტს ახორციელებენ, რაც აბსოლუტურად სწორია, რადგან ასეთი დონის ინვესტორი სოციალურად პასუხისმგებლიანად უნდა ექცეოდეს მოსახლეობას. ჩვენ ჩართულები ვართ ამ პრობლემის დარეგულირებაში, რადგან მნიშვნელოვანია, პროექტი განხორციელდეს სწორად, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. სამშენებლო ნებართვა კი ითვალისწინებს გარკვეულ ფაზებს და გარკვეული ვადების შესრულებას. ვაკონტრილებთ ამ ყველაფრის შესრულებას. მეორე მხრივ, თავად კომპანია აწარმოებს დიალოგს მოსახლეობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. დარწმუნებული ვარ, პროცესი მალე აღდგება და ეს მნიშვნელოვანი პროექტი დაგეგმილ ვადებში წარმატებით განხორციელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქმე იმაშია, რომ "ნამახვანიჰესის" მშენებლობას არასამთავრობო ორგანიზაციების და მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი უკვე თვეზე მეტია აპროტესტებს. საპროტესტო აქციის ფარგლებში იქ, სადაც წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, ჯვარი აღმართეს. შედეგად, ინვესტორმა კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა და ადგილიდან ტექნიკა გაიყვანა.




























