"ნათია თურნავა გახდა იარაღი ამ გამოძალვით ოპერაციაში",- განაცხადა ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში.
გიორგი ბაჩიაშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ "ქართუ ბანკის" 200 000 ლარით დაჯარიმება მოხდა მხოლოდ იმისთვის, რომ საქმეში, სადაც მტკიცებულებები არ არსებობს, შექმნილიყო ყალბი დოკუმენტები, თითქოს "ქართუ ბანკის" მიერ სესხის გაცემით გარკვეული ნორმები დაირღვა.
"ნათია თურნავას, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არანაირი როლი არ ჰქონია. უბრალოდ იმის გამო, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ივანიშვილი შეიძლება ყოფილიყო იქ ინვესტორი, მათ დასჭირდათ დამატებითი მტკიცებულებების შექმნა და გამოიყენეს ასეთი ხრიკი, როდესაც მოწმე მოდის დარბაზში და ამბობს უი, მე რაღაც დოკუმენტები მაქვს და ახალი მტკიცებულება შემოიტანეს საქმეში. ეს მტკიცებულება იყო ქართუ ბანკზე ეროვნული ბანკის დაჯარიმების წერილი.
ამ წერილში წერია შემდეგი, რომ ეროვნულმა ბანკმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოითხოვა ქართუ ბანკიდან სასესხო შეთანხმება და სესხის გარანტიის უზრუნველყოფის ხელშეკრულება და ამის საფუძველზე დაადგინა, რომ ივანიშვილი არის ინვესტორი. სასესხო ხელშეკრულებაში ჩემი კომპანია არის მსესხებელი, ბანკი კი არის გამსესხებელი და არსად არ არის ივანიშვილი ნახსენები. ანუ როგორ შეიძლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაადგინოს, რომ იქ ივანიშვილი იყო ინვესტორი? ნათია თურნავა გახდა იარაღი ამ გამოძალვით ოპერაციაში. მასაც ისევე როგორც ყველა სხვას, მათ შორის ივანიშვილს მოვა დრო და მოუწევს პასუხისგება სისხლის სამართლებრივი დანაშაულების კორიანტელზე, რომლებიც მათ ჩაიდინეს. მანდ არის ძალიან ბევრი ცრუ ჩვენება, რომელთაც მომავალში დავამტკიცებ რომ ცრუ ჩვენებაა, არის ძალიან ბევრი ცრუ მოწმე ვგულისხმობ ბანკის თანამშრომლების ჩვენებებს და ადრე თუ გვიან შეიძლება ეს ყველაფერი დავამტკიცო. მერწმუნეთ, ნორმალური ქვეყნის პირობებში მათ ყველას მოუწევთ პასუხის გაცემა"- ამბობს ბაჩიაშვილი
კითხვაზე, ნათია თურნავას მის საქმეში ჩართულობა, რამდენად აზიანებს ეროვნული ბანკის სანდოობას, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის სანდოობა დააზიანა მისი მოღვაწეობის პირველივე თვეებში, როდესაც სანქცირებულ ადამიანს დააფარა ხელი.
"ეს იყო მისი თავიდან ბოლომდე ლუსტრირება. 2023 წელსვე ის მოგვევლინა ამ საქმეში და დაადგინა, რომ თურმე ივანიშვილი ყოფილა ინვესტორი ჩემსა და ბანკს შორის გაფორმებულ სესხში.
ნათია თურნავას რამდენიც არ უნდა მიულოცონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა, ის არის ივანიშვილის თანამშრომელი. ის არჩევნების კარგად დასამთავრებლად ხარჯავს ჩვენი ქვეყნის დაგროვებულ რეზერვებს. აქ ქვეყნის ინტერესებზე საუბარი არაა, აქ არის ივანიშვილის პირად ინტერესებზე საუბარი,"- აცხადებს ბაჩიაშვილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ბაჩიაშვილის საქმეში ერთ-ერთი მოწმეა. საქმე ის არის, რომ იანვარში ცნობილი გახდა, რომ პროცესში გაჩნდა ნათია თურნავას მიერ 2023 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ ეროვნულმა ბანკმა “ქართუ ბანკი” 200,000 ლარით დააჯარიმა იმის გამო, რომ 2015 წელს გიორგი ბაჩიაშვილზე გაცემული კრედიტით “ქართუმ” ინტერესთა კონფლიქტის მართვის შესახებ ეროვნული ბანკის ბრძანების რიგი მუხლები დაარღვია.
BMG-ის მიერ მოპოვებული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილს უჩივლა, მარეგულირებელი ბანკსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების დეტალებით დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ უტა ივანიშვილის კუთვნილმა “ქართუ ბანკმა” დაკავშირებულ მხარესთან ოპერაციების ნორმა დაარღვია იმ საკრედიტო შეთანხმებით, რომელიც 8 წლით ადრე გიორგი ბაჩიაშვილზე გაიცა.




























