ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, რესტორნების მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა და ამას ყველა ხედავს. როგორც მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, "მთავრობას რესტორნებთან კომუნიკაცია აქვს იმ დონეზე, რომ მათი ყველა პრობლემა იცის".
„ეს კვირა მთლიანად სწორედ ბიზნესებთან კომუნიკაციას მივუძღვენით, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ როგორც კი საშუალება გვეძლევა, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ რეგიონს და საქმიანობებს ვხსნით. შეუძლებელია ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიამდელ ცხოვრებას. ჩვენს ნაბიჯებს ეტაპობრიობა უნდა ახასიათებდეს. 1 თებერვლიდან იხსნებიან მოლები, მცირე მაღაზიები, ინდმეწარმეები და ა.შ. 15 თებერვლიდან იხსნებიან ბაზრობები და თუ საშუალება მოგვეცემა - მანამდეც. ვსაუბრობთ სკოლების და ტრანსპორტის გახსნაზე, რომელიც არანაკლებ და მეტად პრიორიტეტულიც არის“, - ამბობს თურნავა.
მინისტრი ირწმუნება, რომ რესტორნების მფლობელებს ესმით მთავრობის ლოგიკა, რომ გახსნა დამოკიდებულია ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის შემცირებაზე.
„მესმის მათი პრობლემები, მაგრამ ცოტა მოთმინება კიდევ გვმართებს. მე მესმის, რომ მათი პროტესტი არ არის პოლიტიზირებული აქტი და ეს არის ნამდვილი პრობლემებით გამოწვეული პოროტესტი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გავხსნათ რესტორნებიც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ინფორმაციისთვის: ხვალ, თბილისის 100-ზე მეტი რესტორანი პროტესტის ნიშნად 24 საათით მუშაობას წყვეტს.




























