საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სლოვაკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, პიტერ კაჟიმირს უმასპინძლა.
სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და სებ-ის მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმები მიმოიხილეს.
საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკას ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაესვა ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელს და აქტივების მაღალ ხარისხს.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სლოვაკური მხარე მზად არის სებ-ს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, ევროკავშირის მოთხოვნებთან კიდევ უფრო დაახლოებაში დაეხმაროს.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობასა და საბოლოოდ, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე.
"პირველ რიგში, ეს არის მაკროპრუდენციული ზომები, რაც სულ უფრო ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ცენტრალური ბანკის მიერ ინფლაციასთან ბრძოლის პროცესში და სლოვაკეთის ცენტრალურ ბანკს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ, პიტერ კაჟიმირმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის მსგავსებას გაუსვა ხაზი და როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, საქართველოს ეროვნულ ბანკს მხარდაჭერა აღუთქვა მაკროპრუდენციული პოლიტიკის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, ფინანსური სტაბილურობისა და სხვა საკითხებში.
"ნათია თურნავასთან ვისაუბრეთ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რაც განსაკუთრებით ტექნიკურ დახმარებას შეეხება. მაკროპრუდენციული პოლიტიკის საკითხები, ფინანსური სტაბილურობა, ხელოვნური ინტელექტის თემები, კიბერუსაფრთხოება - ეს საკმაოდ შრომატევადი საკითხებია და მათზე ჩვენი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. მზად ვართ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან მომავალი თანამშრომლობისთვის", - განაცხადა პიტერ კაჟიმირმა.
სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პიტერ კაჟიმირი, საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრის რანგში იმყოფება.