მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მმართველ პარტიასთან ვალში მყოფმა ნათელა თურნავამ ვალის გასტუმრება დაიწყო - იურისტი

ლევა ალაფიშვილი

იურისტი ლევან ალაფიშვილი სებ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი ბრძანებით, სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა უნდა აღუდგინოს.

მისი მოსაზრებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა "ქართულ ოცნებასთან" ვალშია და ახლა ამ გადაწყვეტილებით იგი მმართველ პარტიას ვალს უსტუმრებს.

"საქართველოს პრეზიდენტი ბლოკავდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მმართველი პარტიის მიერ ლობირებულ ნათელა თურნავას. საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს რომლითაც მმართველმა პარტიამ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტი შექმნა.

საერთაშორისო ინსტიტუტები მმართველ პარტიას ურჩევდნენ არ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება და ეროვნული ბანკის პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხე არ შეექმნათ.

მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, საერთაშორისო ინსტიტუტების რჩევაც უგულებელყო და ნათელა თურნავა ეროვნული ბანკის პირველ ვიცე პრეზიდენტად განაწესა.

მმართველი პარტიის წინაშე ვალში მყოფმა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა ნათელა თურნავამ დაიწყო ვალის გასტუმრება და პარტიის დავალებების შესრულება, ეროვნული ბანკისა და საბანკო სისტემის სერიოზული საფრთხის მიუხედავად.საბანკო სისტემის საფრთხე ნიშნავს ლარის და ეკონომიკის სტაბილურობის საფრთხეს", - წერს იურისტი. 

შეგახსენებთ:  მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.

19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები