მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავას სამი პრიორიტეტი სებ-ის საბჭოს წევრად დამტკიცების შემთხვევაში

629dd1b0d7c58
მარიამ ვარადაშვილი
06.06.22 21:44
869
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ნათია თურნავამ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში ექნება. ცნობისთვის, თურნავას კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა. მხარდაჭერის შემთხვევაში მას 7 წლის ვადით აირჩევენ.

“მთავარი პრიორიტეტი და ახალს არაფერს ვიტყვი, რადგან ეს ზოგადად ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, არის ინფლაციის მოთოკვა, შემცირება და ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება. ჩემი აზრით, ვითარებას განსაკუთრებით ამძაფრებს ის, რომ ინფლაციის დღევანდელი გამოწვევა მხოლოდ ლოკალური პრობლემა არ არის და გლობალურია. ეს არის ინფლაცია, რომლის წარმომავლობაც არ არის მხოლოდ კლასიკური მოთხოვნის ფაქტორებით განპირობებული, რაც მონეტარული პოლიტიკის კორექტირებას ექვემდებარება. სხვა ფაქტორებიც გახლავთ, მაგალითად როგორებიცაა პანდემია და მის შემდგომ გლობალური მიწოდების ჯაჭვებში წყვეტა. ეს არის ინფლაციაში ის კონტრიბუცია, რაც შეიტანა სასურსათო კრიზისმა და მიწოდების წყვეტამ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის შემდგომი განვითარების პროგნოზირება რთულია რუსეთ-უკრაინის ომია”, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ინფლაციის საკითხზე ეროვნული ბანკის გუნდი მუშაობს და აპირებს ამ კუთხით საკუთარი გამოცდილებაც გაუზიაროს. ინფლაციის გარდა, თურნავამ კიდევ ორი პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა:

“ეროვნული ბანკი ერთ-ერთი ლიდერია საფინანსო ბაზარზე იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ახალი კანონმდებლობის შემოღება დაჩქარდეს. ყველაფერი რაც ეხება ახალ ტექნოლოგიებს, ფინტეკსა და გაციფრულებას, ეროვნული ბანკი ამბობს და კიდევ უფრო მეტად იტყვის საკუთარ სიტყვას. მესამე პრიორიტეტი კაპიტალის ბაზრის განვითარებაა. ვიცი, რომ პარლამენტში ორი კანონპროექტი განიხილება, რომელთა შემუშავებაშიც მონაწილეობის პატივი მქონდა. აქ ალბათ რევოლუციური ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, მით უფრო რომ ეს ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რაც ევროპასთან გვაახლოებს და ამ ნაწილშიც მივყვებით ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებს”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები