NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა "რუსულ კანონთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უნდა გაიწვიონ.
"საქართველო გზაჯვარედინზე დგას. თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ აჩვენონ, NATO-ში გაწევრიანებისთვის საქართველოს მზადყოფნა მომავალში, ისინი უნდა დაუბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას. ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ახლა უნდა გაიწვიონ.
ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული საქართველო - ევროკავშირსა და ნატო-ში. მათ ეს კანონპროექტი მამაცურად გააპროტესტეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ და მათი მისწრაფებებს მხარდაჭერას. როგორც ამ უქმეებზე, გავაგრძელებთ დიალოგს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან, რათა გადავცეთ ეს მტკიცე გზავნილები, მაგრამ ასევე შევთავაზოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე", - წერია განცხადებაში.
ამასთან, განცხადების მიხედვით, "რუსული კანონი" არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს.
„NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩვენს ასოცირებულ წევრ საქართველოსთან რამდენიმე დღეში 25 წელი უსრულდება. ამ ურთიერთობის მნიშვნელობა ასახულია საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მეშვეობით. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და NATOგაწევრიანების სწრაფვის მიმართ. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას იმ პირობით, რომ NATO-ში გაწევრიანება არის გზა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია და დააფიქსირა კონსტიტუციაში.
თუმცა, საერთო დემოკრატიული ღირებულებები NATO-ს ალიანსის საფუძველია და ამ ღირებულებების პატივისცემა აუცილებელი პირობაა ნატო-ში გაწევრიანებისთვის.
ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს. თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს. კანონის ხელახლა წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირება. მათ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მიუღებელი ძალადობით უპასუხეს და არჩიეს უგულებელეყოთ უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები", - წერია განცხადებაში.