პოლონეთის პარლამენტმა დონალდ ტუსკის პრემიერ-მინისტრად არჩევას მხარი დაუჭირა - ამით ნაციონალისტი პარტიის 8-წლიანი მმართველობა სრულდება და ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგების გზას უბრუნდება - იტყობინება Reuters-ი.
პოლონეთისათვის ევროკავშირის ფონდიდან ათობით მილიარდი დოლარი ამ დრომდე ხელმიუწვდომელი იყო, რისი მიზეზიც ადგილობრივი დემოკრატიული სტანდარტების შესახებ ქვეყნის ბრიუსელთან დავაა, თუმცა ტუსკი, რომელიც ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტია, EU-სთან ურთიერთობის დალაგებისა და ფინანსების განბლოკვის პირობას იძლევა. ტუსკის პრემიერ-მინისტრად არჩევას 248 მომხრე და 201 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
ამავე დღეს, პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა, მატეუშ მორავეცკიმ ნაციონალისტური “კანონისა და სამართლიანობის” პარტიიდან ნდობის კენჭისყრა წააგო.
აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში მმართველმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა და მთავრობის ჩამოყალიბების საშუალებას მიეცა, თუმცა საჭირო უმრავლესობა მაინც ვერ მოაგროვა.
“კანონისა და სამართლიანობის” პარტია საკუთარ თავს პოლონეთის სუვერენობისა და იდენტობის დამცველად მიიჩნევს, თუმცა კრიტიკოსები თვლიან, რომ პარტია სასამართლო დამოუკიდებლობას ზღუდავს, სახელმწიფო მედიას კი პროპაგანდის იარაღად აქცევს.
ტუსკი პარლამენტის წინაშე სიტყვით დღეს გამოვა, რის შემდეგაც ნდობის კენჭისყრაში მოუწევს მონაწილეობა.