ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია "ალალი" თელავში ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ განუცხადა.
"ალალის" დამფუძნებლის თქმით, ახალ საწარმოში 15 ადამიანი დასაქმდება, სეზონზე კი 10 დასაქმებული დაემატება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 200 000 ლარია. ამ თანხის ნახევარს პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს, ნახევარს კი თავად კომპანია გაიღებს.
"ჩვენ უკვე მზად ვართ, თანხაც მოძიებული გვაქვს, ახლა ველოდებით პროექტების მართვის სააგენტოს. იმის მიხედვით, თუ როდის დაგვიფინანსებენ პროექტს, მშენებლობას ან წელსვე, ან მომავალი წლიდან დავიწყებთ", - აღნიშნავს ღვინეფაძე.
მისივე თქმით, წარმოების გაფართოება კომპანიას ახალი პროდუქტების დასამატებლად დასჭირდა.
"ამ ეტაპზე 5 სახეობის წვენს ვაწარმოებთ: ატამი, ვაშლი, ყურძენი, მაყვალი, ციტრუსი. ახალი საწარმოს ამუშავებისთანავე ვგეგმავთ, რომ ალუბლის, ბროწეულის, კივის და ფეიხოას წვენებიც დავამატოთ. ასევე, ვფიქრობთ, ბოსტნეულის წვენის წარმოებასაც", - გვიყვება "ალალის" დამფუძნებელი.
"ალალი" ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. მისი საწარმო თელავში მდებარეობს და 20-25 ადამიანს ასაქმებს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე ფერმერებისგან იძენს. "ალალის" პროდუქციის შეძენა "კარფურში", "ფრესკოში", "აგროჰაბში", "ჯიბეში", "ნიკორას" ზოგიერთ მაღაზიაში, "ზღაპარსა" და "ბაიაში" არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები "ევროპროდუქტსა" და "ფუდმარტთანაც" მიმდინარეობს და კომპანიაში იმედოვნებენ, რომ "ალალის" პროდუქცია მალე ამ მაღაზიათა ქსელებშიც გამოჩნდება.