მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოში საავტომობილო ზეთების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის - შემცირდა, - ინფორმაციას ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აქვეყნებს.
მათი ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 13,23 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,06 ათასი ტონა) შედარებით 1,17 ათასი ტონით ანუ 9,7%-ით მეტია.
ამ პერიოდში საავტომობილო ზეთები ყველაზე დიდი მოცულობით თურქეთიდან შემოვიდა, რამაც 2,79 ათასი ტონა შეადგინა, ეს კი მთელი იმპორტის 21,1%-ია. შემდეგ მოდიან: ირანი - 2,74 ათასი ტონა (20,7%); გერმანია - 1,50 ათასი ტონა (11,3%), აზერბაიჯანი - 0,82 ათასი ტონა (6,2%); და სხვ.
რაც შეეხება საავიაციო ნავთს, 2023 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 67,1 ათასი ტონა საქონელი შემოვიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (67,6 ათასი ტონა) შედარებით 0,5 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით ნაკლებია.
მათ შორის, მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 44,1% (29,6 ათასი ტონა) თურქმენეთიდან, 25,8% (17,3 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 15,3% (10,3 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 10% (6,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 4,8% (3,2 ათასი ტონა) - მალტიდან მოხდა.