მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა – მიზეზები

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ბოლო პერიოდში ნავთობის ფასები მკვეთრად შემცირდა და ერთკვირიან პერიოდში კორექციამ 5% შეადგინა, რაც ბოლო 9-თვიან პერიოდში დაფიქსირებული მინიმალური მაჩვენებელია. უფრო კონკრეტულად, ბარელი Brent-ის ფასი 74 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI დაახლოებით 70 დოლარად ივაჭრება.

ფასების ასეთი მკვეთრი კლება რამდენიმე ფაქტორის კომბინაციის შედეგია, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიბიას უკავშირდება, რომელიც ნავთობის მწარმოებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოა, განსაკუთრებით ევროპის რეგიონისთვის. ქვეყანაში ამჟამად არსებული პოლიტიკური დაძაბულობის გამო, ნავთობის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. თავად ეს გარემოება კი გამოწვეულია ცენტრალური ბანკისა და ნავთობის სექტორის დაპირისპირებებით. საქმე ისაა, რომ ნავთობის ექსპორტიდან გენერირებულ გადასახადებს ლიბიაში არა ქვეყნის ხაზინა, არამედ ეროვნული ბანკი იღებს, რომელსაც გადასახადების გაზრდა სურს.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, ბოლო კვირების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება მოლაპარაკებებში. ლიბიის საკანონმდებლო ორგანოებმა, გაეროს მოლაპარაკებების შემდეგ, განაცხადეს, რომ 30 დღის განმავლობაში დანიშნავენ ახალ ცენტრალური ბანკის მმართველს. სწორედ ეს ახალი ამბავი განაპირობებს ნავთობის ფასების შემცირებას, რადგან ბაზარზე გაჩნდა იმის მოლოდინი, რომ ნავთობის წარმოება და ექსპორტი მალე აღდგება. მიწოდების ზრდა კი, მოგეხსენებათ, პროდუქტის გაიაფებას იწვევს.

მეორე ძირითადი ფაქტორი ჩინეთს უკავშირდება, რომელიც ყველაზე მსხვილი ნავთობის შემსყიდველია მსოფლიოში, რაც მას მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე. ბოლო პერიოდში, ჩინეთში ეკონომიკური ზრდის შენელების რისკები იზრდება. ახალი სახლების ფასების ზრდა აგვისტოში წლიურ მინიმუმამდე დაეცა; ხოლო ექსპორტის მონაცემები დაგეგმილზე უარესი აღმოჩნდა.

ამ მონაცემებმა ინვესტორებში გააჩინა შიში, რომ ჩინეთის ეკონომიკურმა სისუსტემ, შესაძლოა, გლობალურ ბაზარზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. ამან, თავის მხრივ, ნავთობის ფასებზე ზეწოლა მოახდინა, რადგან ბაზარზე წარმოიშვა მოლოდინი, რომ მოთხოვნა წინასწარ პროგნოზირებულზე ნაკლები იქნება.

ამასთან ერთად, ზაფხული, ტრადიციულად, მაღალი მოთხოვნის პერიოდია ნავთობისთვის, განსაკუთრებით აშშ-ში, სადაც მძღოლები უფრო ხშირად მოგზაურობენ. თუმცა, ამ ზაფხულს, ამერიკაში ნავთობზე მოთხოვნა ნაკლები იყო, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

ამერიკასთან ერთად, რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობის ექსპორტიორია მსოფლიოში და მისი როლი ნავთობის ბაზარზე განსაკუთრებით დიდია. ბოლო პერიოდში, რუსეთის მიერ წარმოებული და ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა ასევე იქცა მნიშვნელოვანი ფაქტორად ნავთობის ფასების ფორმირებაში.

რუსეთმა, სანქციების მიუხედავად, მაინც მოახერხა ნავთობის ექსპორტის შენარჩუნება. თუმცა, ამ პროცესში ქვეყანას მოუწია ფასების შემცირება, რათა ახალი ბაზრები აეთვისებინა აზიასა და სხვა რეგიონებში. ამგვარი სტრატეგია რუსეთის მხრიდან ასევე ახდენს ზეგავლენას გლობალურ ნავთობის ბაზარზე, რადგან იგი დამატებით მიწოდებას უზრუნველყოფს ბაზარზე და ამცირებს ფასებს.

ამრიგად, ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა გამოწვეულია მრავალი ფაქტორით: ლიბიაში ნავთობის წარმოების შეფერხების დასრულების მოლოდინით, ჩინეთის ეკონომიკის სისუსტით, ამერიკაში დაბალი მოთხოვნით და რუსეთის დემპინგური სტრატეგიით. აღნიშნული ფაქტორები მიანიშნებს იმაზე, რომ ნავთობის ბაზარი, სავარაუდოდ, აღარ იქნება ისეთი მიმზიდველი, როგორც რამდენიმე თვის წინ იყო მოსალოდნელი. შესაბამისად, გლობალური ბაზარზე ფასები ეცემა, ეს კი ეტაპობრივად საქართველოში არსებულ ფასებზეც აუცილებლად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები