ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფათაჰ ელ-სისიმ, კაიროში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ირანთან მიმდინარე ომის შეჩერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ნავთობის ფასის $200-მდე გაძვირების პროგნოზი რეალურია.
მისი თქმით, რეგიონში არსებული კონფლიქტის შეჩერება მხოლოდ თეთრი სახლის ლიდერის ძალისხმევითაა შესაძლებელი. ეგვიპტის ლიდერი გლობალურ ბაზრებზე მიწოდების დეფიციტსა და ფასების უკონტროლო ზრდას პროგნოზირებს, რამაც, როგორც ელ-სისი ამბობს, მსოფლიო ეკონომიკას, შესაძლოა, უმძიმესი დარტყმა მიაყენოს.
„რვა მილიარდი ადამიანის საკვები დამოკიდებულია მათზე. თუ ამ სასუქებს, რომლებიც გამოიყენება სასურსათო პროდუქტებისა და საკვების სხვადასხვა სახეობის წარმოებაში, ზიანი მიადგება, ჩვენ ვსაუბრობთ ფასების ზრდაზე, რაც გამოიწვევს სერიოზულ შედეგებს მსოფლიო ეკონომიკისთვის. მდიდარმა ქვეყნებმა, შესაძლოა, ამ დარტყმას გაუძლონ, მაგრამ საშუალო ან მყიფე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, შეიძლება, დაუდგეს ძალიან მძიმე გამოწვევები თავიანთი ეკონომიკური სტაბილურობის წინაშე“, – აღნიშნა ეგვიპტის ლიდერმა.
ეგვიპტის ლიდერმა ყურადღება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების კატასტროფულ შედეგებზე გაამახვილა. პრეზიდენტის განცხადებით, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნებისა და საწარმოების მიზანში ამოღება გლობალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, რაც განსაკუთრებით მძიმედ საშუალო შემოსავლისა და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე აისახება. პარალელურად, ეგვიპტის ლიდერმა სასუქების ექსპორტის შეფერხებით გამოწვეულ სასურსათო კრიზისზეც ისაუბრა. ოფიციალური კაირო შიშობს, რომ რესურსების სიმცირე და მაღალი ინფლაცია განვითარებად სახელმწიფოებში სოციალურ ქაოსს გამოიწვევს.
ცნობისთვის, ამჟამად ენერგეტიკულ ბირჟაზე ბრენტის მარკის ნავთობის ფასი, დაახლოებით, $107 დოლარია, WTI-ს კი $102 დოლარზეა.




























