მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის ფასმა ერთწლიან მაქსიმუმს მიაღწია

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება, ერთთვიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 15%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 97 დოლარს აჭარბებს, WTI-ს ფასი კი 95 დოლარის ფარგლებშია, რაც 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ერთწლიან მაქსიმუმს წარმოადგენს.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 83 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ თვეში 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ერთ დღეში რუსული ნავთობი თითქმის 7%-ითაა გაძვირებული.

ბირჟაზე ნავთობის ფასების ზრდა უახლესი სტატისტიკური მონაცემების გასაჯაროებასთანაა დაკავშირებული. როგორც ირკვევა, აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგების მოცულობა 2.2 მილიონი ბარელით შემცირდა და სარეზერვო მაჩვენებელი ერთწლიან მინიმუმამდე დაეცა. აღნიშნული მოცემულობა აჩენს იმის რისკს, რომ ზამთრის პერიოდში სანავთობო დეფიციტი გაჩნდეს და ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია OPEC-ის წევრის სახელმწიფოების გადაწყვეტილებები. სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაცია და საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდებას კიდევ უფრო მეტად შეამცირებენ, რაც ბაზარზე დეფიციტს გაამწვავებს.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთმა ნავთობის წარმოება დღიურად 1.3 მილიონი ბარელით შეამცირა, რუსეთმა კი - 800,000 ბარელით. ამ ქმედების მიზანი ბირჟაზე ნავთობის ხელოვნურად გაძვირება და არაბეთ-რუსეთის შემოსავლების გაზრდაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები