კომპანია ბლოკ ენერჯი საქართველოში 2018 წლიდან ნავთობისა და გაზის მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებს. სწორედ მის სალიცენზიო არეალში რამდენიმე წლის წინ 16 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა. რა პოტენციალი აქვს ქვეყანას ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების კუთხით - BM.GE-ის კითხვებს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ჰეივუდმა უპასუხა.
2018 წლიდან დაიწყეთ საქართველოს ბაზარზე ოპერირება, თუ შეგიძლიათ, მოგვაწოდეთ ინფორმაცია პროექტების მიმდინარეობაზე, - რა ტერიტორიებზე მუშაობს "ბლოკ ენერჯი" და რა ეტაპზეა სამუშაოები? ასევე ჯამურად, რა რაოდენობის ინვესტიცია განახორციელეთ ქვეყანაში?
- "ბლოკ ენერჯი" ქართულ ბაზარზე ოფიციალურად 2018 წლიდან არის წარმოდგენილი. ამ ეტაპზე 5 ძირითად პროექტზე ვმუშაობთ. მთავარ ფოკუსს რუსთავის დასავლეთით მდებარე არეალებზე ვაკეთებთ, ასევე ვმუშაობთ გაზის მოპოვების პროექტზე პატარძეულთან ახლოს. რაც შეეხება ჯამურ ინვესტიციას - 2018 წლის შემდეგ, დაახლოებით, 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ინვესტირების პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა 2020 წლიდან, როდესაც ჩვენ შევისყიდეთ ლიცენზია საქართველოს ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშე კომპანია "შლუმბერჟესგან" და დღეს მე-11B და მე-9 სალიცენზიო ბლოკების 100 %-იანი წლის მფლობელები ვართ. ჩვენ უკვე შევასრულეთ წინა საინვესტიციო გეგმა, დავაკომპლექტეთ სამუშაო ჯგუფი და განვსაზღვრეთ აგრესიული განვითარების გეგმა, რაც ჩვენი მხრიდან ინვესტიციების ზრდას მოიაზრებს.
რა მოცულობის გაზისა და ნავთობის მოპოვება შეძელით და რამდენად წარმატებულად თვლით არსებულ მონაცემებს?
- საქართველოში ნავთობის რესურსი ძალიან დიდია, ვფიქრობთ, რამდენიმე მილიარდი ბარელი ნავთობის მოპოვების პოტენციალი აქვს ქვეყანას, ასევე მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს ბუნებრივი აირის მიმართულებითაც. ამ შემთხვევაში ქვეყნის პოტენციალი რამდენიმე ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია, საიდანაც ნაწილი უკვე მოპოვებულია ჩვენი წინამორბედის მიერ. ისტორიულად სალიცენზიო არეალები საქართველოში სხვადასხვა მხარეების მფლობელობასა და მართვაში იყო. დღეს კი ვხედავ არსებული კონტრაქტების კონსოლიდაციას, რაც თავის მხრივ განაპირობებს უფრო დიდ ინტერესს ნავთობის მომპოვებელი კომპანიების მხრიდან. კიდევ ერთი უპირატესობა თქვენი ქვეყნის არის ის, რომ აქ ჩვენი სექტორისთვის საკმაოდ განვითარებულია ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელს ქვეყანას მოიცავს. ასე რომ თქვენ გაქვთ ინფრასტრუქტურა, რესურსები და რელევანტური კანონმდებლობა, რომელიც თანხვედრაშია ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან. ასევე აქ სტაბილური იდეალური საოპერაციო გარემოა. გეოლოგიური თვალსაზრისით სირთულეებია, ჭაბურღილის გათხრა დროს მოითხოვს, მაგრამ მნიშვნელოვან პოტენციალს ვხედავთ.
რა ინფორმაციას ფლობთ საქართველოს მარაგებზე ამ წიაღისეულთან მიმართებით?
- ქვეყნის ენერგომოთხოვნების უმეტესობა დაკმაყოფილებულია ნახშირწყალბადების მიერ როგორიცაა ბუნებრივი აირი და ნავთობი. ჩვენც ჩვენი კონტრიბუცია შეგვაქვს შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაში. მოთხოვნის ძირითად ნაწილს, 90%-ს ქვეყანა აკმაყოფილებს იმპორტირებული რესურსებით, ხოლო დანარჩენს ყოფნის ადგილობრივი რესურსი. ჩვენი მიზანი არის რომ ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი გავხდეთ და განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება, რომ დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი მოთხოვნა.
ხშირად ვსაუბრობთ ენერგოდამოუკიდებლობაზე - რამდენად არის საკმარისი არსებული რესურსი იმისთვის, რომ ქვეყანა არ იყოს ამ კუთხით იმპორტდამოკიდებული?
- სექტორში მოქმედებს საჯარო და კერძო პარტნიორობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა შენი პარტნიორია, იმაში რომ განავითარო შენი აქტივები. კანონმდებლობა ზუსტად იქ არის სადაც უნდა იყოს, ის რელევანტურია არსებულ რეალობასთან. მთავრობა ხელს უწყობს, შექმნას საინტერესო საინვესტიციო გარემო, თუმცა ჩემი აზრით, ერთადერთი მიმართულება რაზე მთავრობამ უნდა გააძლიეროს ფოკუსი - მარკეტინგია. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პოპულარიზაციაზე, რომ მოახდინოს საქართველოს პოზიციონირება როგორც ინვესტორებისთვის საინტერესო ქვეყნის. როცა სხვა ქვეყნებში საქართველოზე ვიწყებ საუბარს ვხვდები, რომ ცნობადობა დღეს ისევ დაბალია. ქვეყნის შესახებ უფრო ზოგადი ინფორმაციაა და ინვესტორებისთის მიმზიდველი ინფორმაცია ნაკლებად ხელმისაწვდომია.
კომპანიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც თქვენს სალიცენზიო ბლოკში 16 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა - რა პროცესები მიმდინარეობს აღნიშნულ პროექტთან მიმართებით?
- უკვე დასრულებულია შიდა მოკვლევის სამუშაოები. გვჯერა, რომ ადგილზე პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობა არსებობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს აუდიტის მესამე ეტაპი, რომელსაც ბრიტანული კომპანია ახორციელებს და შედეგებს 7 იანვრამდე დადებს. შემდეგი ეტაპი უკვე იქნება პარტნიორის მოძიება, ვგულისხმობ მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც გავესაუბრებით პროექტის პოტენციალზე და შევეცდებით დავაინტერესოთ, რომ ჩაერთონ იმ საოცარ მოგზაურობაში, რომელიც ამ ტერიტორიაზე არსებული რესურსების განვითარებას გულისხმობს.
-მათ შორის თქვენ ახსენეთ, რომ აღნიშნულ არეალში ბუნებრივი აირის მოპოვება ტექნიკურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ვერტიკალურის გარდა, ჰორიზონტალურ ბურღვით სამუშაოებსაც საჭიროებდა. რა ეტაპზეა ეს სამუშაოები და რეალური შედეგი რა პერიოდის შემდეგ შეიძლება დავინახოთ?
- 4500-5000-მეტრიანი ჭაბურღილის ბურღვა ხდება ვერტიკალურად და შემდეგ ჩვენი მიზანია რომ გავბურღოთ 1000 მეტრი ჰორიზონტალურად რეზერვუარის გასწვრივ. Ეს სარისკო ნაბიჯია თუმცა მიზანია, უკვე დადგენილ, 16 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივი აირის მოპოვების პოტენციალს მივუახლოვდეთ. ბურღვით სამუშაოების დაწყებას მომავალი წლის დასაწყისში ვგეგმავთ. აქტიური მარკეტინგული კამპანია, მესამე მხარის მოსაძიებლად რეგიონის ქვეყნებში 2024 წელს დაწყება და 3-6 თვემდე გაგრძელდება.
-წელი სრულდება და მინდა გთხოვოთ 2023 წლის შეჯამება, როგორი იყო 2023 წელი "ბლოკ ენერჯისთვის" და რა გეგმები გაქვთ 2024 წელს? ხომ არ გეგმავთ ახალი პროექტების დაწყებას? რა რაოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებთ მომავალში?
გასულ წლებში თუ ჩვენი ძირითადი აქცენტი იყო ნავთობის წარმოებაზე, მომავალი წლიდან ვფოკუსურდებით უშუალოდ დადასტურებული ბუნებრივი აირის საბადოს განვითარებაზე, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა. ყველაფერი იქნება მიმართული ამ პროექტისკენ, რომ მოვიძიოთ პარტნიორები და თუ ამ სტრატეგიულ მიზანს მივაღწევთ ეს იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის. მათ შორის ვეძებთ ახალ პროექტებს - დავიწყეთ თანამშრომლობა ერთ-ერთ ქართულ ლიცენზიანტ კომპანიასთან, მათთან კოლაბორაციით საქართველოს ლიცენზირებული ტერიტორიების 10-15%-ს მოვიცავთ. კომპანია "ჯორჯია ოილ ენდ გაზ ლიმიტედთან" თანამშრომლობით განვახორციელებთ პროექტს. სალიცენზიო არეალების გაერთიანებაზე გვქონდა კომუნიკაცია როგორც უშუალოდ კომპანიასთან ისე საჯარო ინსტიტუციებთან. ჯორჯიან ოილ ენდ გაზთან თანამშრომლობა ნავთობისა და გაზი კორპორაციის მხრიდანაც დადასტურებულია. სალიცენზიო არეალების გაერთიანება უფრო დიდ შესაძლებლობას მოგვცემს რომ მივაღწიოთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს. რომ შევაჯამოთ მომავალ წელს მთავარ აქცენტს გავაკეთებთ ბუნებრივი აირის საბადოს განვითარებაზე და ასევე ჯორჯიან ოილ ენდ გაზთან ახალი პროექტის განხორციელებაზე. ბუნებრივი აირის საბადოს პროექტის ღირებულება 1-1.5 მილიარდი დოლარია, ამ მიმართულებით ინვესტირება რამდენიმე ფაზად განხორციელდება და 150-200 მილიონ დოლარს მიაღწევს. რაც შეეხება პროექტს, რომელსაც ჯორჯიან ოილ ენდ გაზთან ერთად ვახორციელებთ და სადაც რამდენიმე მილიარდი ბარელის ნავთობის მოპოვების რესურსი არსებობს, ამ შემთხვევაშიც პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიარდი დოლარია, ხოლო ინვესტიციის მოცულობა 300-400 მილიონ დოლარს აღწევს.