ნავთობისა და გაზის კორპორაცია სწავლობს გაზსაცავის აშენების გარეშე იგივე მიზნების სხვა ფორმატში მიღწევის შესაძლებლობას - ამის შესახებ BMG-სთან ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა.
ვაჟა ხიდაშელის თქმით, მიუხედავად ამისა, ნაადრევია, იმაზე საუბარი, რომ სამგორში გაზსაცავის პროექტი არ განხორციელდება.
"გაზსაცავის პროექტზე მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რომელმაც დაადასტურა მისი განხორციელების შესაძლებლობა. უბრალოდ, ამ პროექტის განხორციელება დაემთხვა კოვიდს. პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობდით გერმანულ ბანკთან [KFW], რომელმაც გამოყო სესხი, მაგრამ კოვიდთან ბრძოლის მიზნებიდან გამომდინარე იყო რეპროგრამირებული. შესაბამისად, დაფინანსების სიმცირის და დამატებითი საკითხების გათვალისწინებით პროექტის განხორციელება შეჩერებულია. ნაადრევია საუბარი, რომ პროექტი არ განხორციელდება. თუმცა, ჩვენ პარალელურად ვსწავლობთ დამატებით პერსპექტივებს, რომლების მეშვეობითაც შევძლებთ, იგივე მიზნების მიღწევა შევძლოთ, ოღონდ სხვა ფორმატში", - განაცხადა ხიდაშელმა BMG-სთან.
გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით, უწყებების წარმომადგენლების არა ერთი, ურთიერთგამომრიცხავი კომენტარი არსებობს. მიმდინარე თვეში, 6 ივნისს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ სამგორში გაზსაცავი მისი ეკონომიკურად მცირე სარგებლის გამო არ აშენდა, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი იყო. რაც არსებითაც განსხვავდება ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის 2023 წლის გასულ წელს გაკეთებული განცხადებისგან.
მიქაუტაძემ მაშინ თქვა, რომ გაზსაცავის პროექტისთვის შერჩეული ადგილი სამგორში მშენებლობისთვის შესაფერისი არ არის, რადგან სეისმურად აქტიური ზონაა.
ფაქტია ის, რომ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [KFW] სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ტერიტორიაზე გაზსაცავის მშენებლობისთვის 150 მილიონი ევრო გამოყო, საიდანაც 2022 წელს 120 მილიონი მთავრობამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დახარჯა. პროექტის თავდაპირველი ვერსიით გაზსაცავში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.