საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურმა ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მომზადებული ანგარიში პროკურატურაში გადააგზავნა.
დეპუტატის განმარტებით, აღნიშნულ კორპორაციაში არსებული ხარვეზების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრისთვისაც ცნობილი იყო და საკითხზე რეაგირება უკვე დაწყებულია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 24 აპრილის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში (2022–2023) გამოვლინდა სერიოზული ხარვეზები ფინანსურ მართვასა და კონტროლში. მათ შორისაა დაუსაბუთებელი 7.18 მლნ ლარის პრემიები, თანამშრომლებზე არასაპატიო გაცდენების მიუხედავად გაცემული ანაზღაურება (139,723 ლარი), შტატგარეშე თანამშრომლების არაღრიცხული საქმიანობა და არათანაბარი ხელფასები ერთსა და იმავე პოზიციებზე.
„რეალობა რა არის? პრემიერმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ პრობლემები იყო ამ კორპორაციაში და არა მხოლოდ მასში, სხვა სახელმწიფო კორპორაციებშიც. ბევრი ადამიანი გათავისუფლდა, ვინც ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, და ეს დღეს ახალმა ხელმძღვანელობამაც დაადასტურა. მათ წარმოადგინეს კონკრეტული გეგმა და გადაწყვეტილებები, რაც მიიღეს იმისთვის, რომ ყველაფერი, რაც პრობლემურად იყო წარმოდგენილი, გამოსწორდეს“, - აცხადებს კვიჟინაძე.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აუდიტის სამსახურმა დაადასტურა, რომ საკითხების უმეტესობა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა მასალების ნაწილი სამართლებრივი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებაშია გადაგზავნილი.
„რაც შეეხება ლოგიკურ კითხვას, როგორ იქნა ეს აქამდე დაშვებული და რა ეშველება ამას. აუდიტის სამსახურმა ეს ანგარიში პროკურატურაში გადააგზავნა. სამართლებრივ ნაწილზე უკვე ვერაფერს გეტყვით, პროკურატურა გადაწყვეტს, რა უნდა გააკეთოს. პროკურატურაში გადაგზავნილი საკითხი ნიშნავს, რომ სწორედ ის გადაწყვეტს, დაიწყოს თუ არა გამოძიება“, - განმარტავს დეპუტატი.
პაატა კვიჟინაძე ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტის ჯგუფის მუშაობა ევროკომისიამაც მაღალი შეფასებით შეაფასა, რადგან პარლამენტი აუდიტის სხდომის ყველა ანგარიშს დეტალურად იხილავს.
„თუ თქვენ ნახავთ მოხსენებას, ყველა პუნქტზე აქვს კონკრეტული შეფასება და დასახელება. ეს ყველაფერი ეხება თავად ორგანიზაციასა და მის ფინანსურ მდგომარეობას“, - დასძინა მან.
ასევე, აღსანიშნავია რომ აუდიტი მიუთითებს ასევე არაპროფილურ ხარჯებზე (822,503 ლარი), ზედმეტ ავტოპარკსა და საწვავის არასათანადო კონტროლზე (არასამუშაო პერიოდში ჩასხმული 30,332 ლიტრი), ასევე შესყიდვებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დარღვევებზე.
ნავთობისა და გაზის კორპორაციას ჰქონდა ფინანსური სირთულეები, ვერ ასრულებდა ბიზნესგეგმების დროულ წარდგენას და ზოგ შემთხვევაში ხარჯები პარტნიორთან შეუთანხმებლად გაიწია. აუდიტის დასკვნით, არსებული პრაქტიკა ქმნის სახსრების არაეფექტიანი და არამართლზომიერი გამოყენების რისკებს.




























