2025 წლის რვა თვის განმავლობაში საქართველომ 846 მილიონი დოლარის ღირებულების 1.1 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თანხობრივად ნავთობის იმპორტი 4%-ით არის შემცირებული, თუმცა რაოდენობრივად მისი მოცულობა 8%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულის მიზეზი კი გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასების შემცირებაა, რაც განსაკუთრებულად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აღინიშნებოდა.
ნავთობის მომწოდებელ ქვეყნებს შორის საქართველოსთვის პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია, საიდანაც წელს 357 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავის შეძენა მოხდა. თანხობრივად რუსეთიდან საწვავის მოწოდება 2%-ით არის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებული. მეორე პოზიციას 159 მილიონი დოლარით რუმინეთი იკავებს, საიდანაც იმპორტი 71%-ით გაიზარდა. ასევე 19%-ით გაიზარდა იმპორტი ბულგარეთიდან, თურქეთიდან ზრდა 23%-ია, აზერბაიჯანიდან კი საწვავის მოწოდება 29%-ით შემცირდა.
შესაბამისად, მიმდინარე წელს საქართველომ ნავთობის შესყიდვა შეამცირა რუსეთიდან და გაზარდა ალტერნატიული მომწოდებლებისგან.
| # | ქვეყანა | საწვავის იმპორტი თანხობრივად | მოცულობა (ტონა) | ზრდა/კლება პროცენტულად |
| 1 | რუსეთი | $357 მილიონი დოლარი; | 510,696 ტონა; | -2% |
| 2 | რუმინეთი | $159 მილიონი დოლარი; | 211,349 ტონა; | 71% |
| 3 | ბულგარეთი | $126 მილიონი დოლარი; | 170,843 ტონა; | 19% |
| 4 | თურქეთი | $55 მილიონი დოლარი; | 59,327 ტონა; | 23% |
| 5 | აზერბაიჯანი | $50 მილიონი დოლარი | 72,954 ტონა | -29% |
საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების მთავარ საიმპორტო ქვეყანაში ბენზინის ექსპორტი აკრძალულია. გადაწყვეტილების თანახმად, ექსპორტის შეზღუდვა ძალაში იქნება 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.




























