ქალაქ დეტროიტში საკალათბურთო თვალსაზრისით მძიმე დროება დგას. მათი კლუბი “პისტონსი” საშინლად გამოიყურება და 27 დეკემბერს “ბრუკლინ ნეტსთან” ჩატარებული მატჩი მათთვის მიჯრით 27-ე წაგებული თამაში იყო, რაც ასოციაციის აბსოლუტური ანტი რეკორდია.
დეტროიტმა, რომელიც 1989, 1990 და 2004 წლის ჩემპიონია, გააუმჯობესა “კლივლენდ კავალიერსის” (2010/11) და “ფილადელფია სიქსერსის” (2013/2014) ანტი რეკორდი, რომლებსაც ყველაზე დიდი 26 მატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდათ ერთ სეზონში.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ცუდი შედეგების მიუხედავად კლუბის მთავარ მწვრთნელ მონტი უილიამსს “სან ანტონიო სპურსის” მწვრთნელ გრეგ პოპოვიჩის შემდეგ NBA-ში ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს. ივნისში დეტროიტელებმა გამოცდილ მწვრთნელს 6 წლიანი 78,5 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი დაუდეს, რომლის მიხედვითაც უილიამსი წელიწადში 13 მილიონ დოლარს იღებს, თუმცა როგორც ჩანს აღნიშნული თანხა შედეგების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
შედეგით უკმაყოფილო გულშემატკივრები “პისტონსის” მფლობელ ტომ გორის მოუწოდებენ, რომ თანამდებობა დატოვოს და კლუბი გაყიდოს. 2011 წელს ტომ გორიმ “დეტროიტ პისტონსი” 325 მილიონ დოლარად შეიძინა დღეს კი კლუბის ღირებულება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 23-ე შედეგია NBA-ის 30 კლუბს შორის.
“ჩვენ მრავალ მილიარდიანი პროექტები გვაქვს საკალათბურთო საქმიანობის მიღმა, რომელიც ასევე “პისტონსს” უკავშირდება. მესმის გულშემატკივრის, რომელიც ჩვენგან თამაშების მოგებას ითხოვს, თუმცა მათი მოთხოვნა ჩემი გადადგომისა და კლუბის გაყიდვის შესახებ უბრალოდ სასაცილოა” - განაცხადა ტომ გორიმ.
თუკი “დეტროიტ პისტონსი” მომდევნო თამაშსაც (პარასკევს “ბოსტონ სელტიკსის” წინააღმდეგ) წააგებს ისინი “ფილადელფია სიქსერსის” მიერ დამყარებულ აბსოლუტურ ანტი რეკორდს გაიმეორებენ, რომელმაც 2014/2015 წლების სეზონის ბოლოს და 2015/2016 წლების სეზონის დასაწყისში ზედიზედ 28 მატჩი წააგო.