ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად გუნდების შემადგენლობაში არაამერიკელი მოთამაშეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
30-ვე კლუბს მინიმუმ ერთი უცხოელი მოთამაშე ჰყავს, აქამდე ლიგის რეკორდი ჯამში 121 არაამერიკელ კალათბურთელს შეადგენდა, რომელიც 2017/18 და 2021/22 წლების სეზონში დაფიქსირდა.
წლევანდელ სეზონში კი 6 კონტინენტის 40 ქვეყნიდან ჯამში 125-მა კალათბურთელმა მოიყარა თავი, რაც ახალი რეკორდია.
უცხოელი მოთამაშეების რაოდენობა ტალანტსა და ხარისხზეც ისახება, რადგან უკანასკნელი 5 წელიწადია სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს არაამერიკელი მოთამაშეები იგებენ: იანის ანტეტოკოუნმპო (საბერძნეთი), ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი) და ჯოელ ემბიიდი (კამერუნი).
125 მოთამაშიდან “ყველა ვარსკვლავის” მატჩში მონაწილეობა 15-მა მათგანმა მიიღო. ჯამში ყველაზე მეტი 26 ლეგიონერი კანადას ჰყავს, საფრანგეთს 14, რომელთა შორისაცაა წლევანდელი დრაფტის პირველი არჩევანი ვიქტორ ვემბანიამა, ხოლო სამეულს კი 9 წარმომადგენლით ავსტრალია ხურავს.
რაც შეეხება საქართველოს, ამჟამად NBA-ში 2 ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე (ორლანდო მეჯიქი) და სანდრო მამუკელაშვილი (სან ანტონიო სპურსი) ასპარეზობს.