თბილისის მერი ზღვისუბანში 20 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნილი პარკის დაზიანებას დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. კახა კალაძის განცხადებით, ფერდის ჩამორეცხვა წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია და ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს.
"გულწრფელად ვიტყვი, აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, ისეთი პროექტი გამოვიდა. ყველას გვახსოვს იქ რა იყო, რა ვითარება, რა მდგომარეობა, სრული ჯოჯოხეთი, ჩვეულებრივი ნაგავსაყრელი, ჭაობი, სუნი, უბედურება და დღეს გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე.
გუშინ ერთ-ერთ ფერდზე დაზიანდა წყლის მილი. ცხადია, შესაბამისი კომპანია უკვე მუშაობს ადგილზე და დღის ბოლომდე ყველაფერი მოწესრიგებული იქნება, რამაც გამოიწვია პატარა ფერდის ჩამორეცხვა. უნდა გენახათ, ეს უსამშობლო ადამიანები როგორ გახარებულები და ბედნიერები იყვნენ, რომ რამდენიმე დღის წინ გახსნილი პროექტი თითქოს რა მდგომარეობაშია.
არადა არაფერი არ მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა, გამოიწვია პატარა პრობლემა, შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს ასეთი რამ. ნახეთ, როგორ არ უხარიათ ქვეყნის წარმატება, ქალაქის განვითარება, წინსვლა, თუმცა წინასწარ ვიტყვი, რომ ასეთ ადამიანებს შესაბამისი პასუხი გაეცემათ ყველას 26 ოქტომბერს, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას… " - განაცხადა კახა კალაძემ.
პარკის მშენებლობაში ბიუჯეტიდან ₾40 მილიონი დაიხარჯა.