მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Neqsol Holding-ი საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს

5f764d242d015
შოთა ტყეშელაშვილი
02.10.20 10:00
1279
Neqsol Holding-ი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში არის ნათქვამი. კომპანია აღნიშნავს, რომ გუშინ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება Neqsol Holding-ის მიერ კანონიერად შეძენილი აქტივის ექსპროპრეაციას წარმოადგენდა.

საკუთარი უფლებების დასაცავად Neqsol-ი მსოფლიო ბანკის ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალს
(ICSID) მიმართავს.

“კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, “კავკასუს ონლაინში” დაინიშნა სპეციალური მმართველი, რომელსაც მიეცა უფლება გაათავისუფლოს კომპანიის დირექტორთა საბჭო, დაითხოვოს სამეთვალყურეო საბჭო, გაათავისუფლოს კომპანიაში დასაქმებული პირები, ასევე შეაჩეროს კომპანიის მოგების განაწილების უფლება.

ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს წამყვან ინტერნეტ პროვაიდერზე დამყარდა სრული სახელმწიფო კონტროლი, რაც მიმართულია იმ ბიზნეს გარიგების შებრუნებისთვის, რომლის შედეგადაც Neqsol Holding-მა მოახდინა კომპანიაში ინვესტირება

ეს გადაწყვეტილება არის გაგრძელება იმ დისკრიმინაციული და სელექტიური მოპრყობისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა საერთაშირისო ინვესტორთა მიმართ იჩენს,”- ნათქვამია Neqsol Holding-ის განცხადებაში.

ამასთანავე, კომპანია აღნიშნავს, რომ ინტერნეტ პროვაიდერზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება ჩრდილს აყენებს საქართველოს მთავრობის გამჭვირვალეობასა და ანგარიშვალდებულებას. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები არის მოახლოებული.

საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული მრავალი მტრული ნაბიჯის და Neqsol-ის საკუთრებაში არსებულ ქონების დასაკუთრების შემდეგ, კომპანიას არ დარჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მიმართოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალს.

Neqslol-ის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის, თემურ თაგიევის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მათი ინვესტიციისა და ციფრული აბრეშუმის დერეფნის წინააღმდეგ გადადგმული არაერთი ნაბიჯის შემდგომ, კომპანია იძულებულია მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს.

“სამწუხაროა, რომ ჩვენ არ დაგვრჩა სხვა არავითარი გზა გარდა იმისა, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ვიჩივლოთ.


ჩვენ მყარად გვჯერა, რომ “კავკასუს ონლაინში” ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება განხორციელდა ყველა იმ ვალდებულებების დაცვით, რასაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს. ამასთან, ჩვენ არ დავუშურეთ ძალ-ღონე, რათა დაწყებული დავის გადაწყვეტის მიზნით ყველა შესაძლო გზა მოგვეძებნა.

ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ გადადგა მიზანმიმართული ნაბიჯები, რათა ხელი შეეშალა ჩვენი გეგმებისთვის, რაც “კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის უფრო ფართო ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართვას წარმოადგენდა.

საქართველოს მთავრობამ გასული თვეების განმავლობაში დაარღვია მისი ვალდებულება, რაც Neqsol-ის ინვესტიციებისთვის სამართლიანად და მიუკერძოებლად მოპყრობაში მდგომარეობდა. მეტიც, მან ამ აქტივის ექსპროპრეაცია მოახდინა.

ჩვენ იმედი გვქონდა, რომ დავის მოგვარებას მოლაპარაკებათა გზით შევძლებდით. გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც არამარტო ორივე მხარისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვისაც სარგებლის მომტანი იქნებოდა.

შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიდგებით უმოქმედოდ, როდესაც ვხედავთ თუ როგორ უდიერად ეპყრობა საქართველოს მთავრობა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებსა და კანონის უზენაესობას უცხოელ ინვესტორებთან მიმართებით,”- ამბობს თემურ თაგიევი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს Neqsol Holding-მა შეიძინა 49%-იანი წილი კომპანია Nelgado ლიმითედში, რომელიც “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიაა. სწორედ ეს გარიგება გახდა კომუნიკაციების კომისიისთვის სადავო, რის გამოც 1 ოქტომბერს კომპანია “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დაინიშნა.

ეს ტრანზაქცია მიმართული იყო Neqsol Holding-ის მიერ “კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში არსებული, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1,200-კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით შექმნილიყო ფართო საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებდა.

Neqsol Holding-ის ინფორმაციით, გარიგება შედგა ისე, რომ მის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ასევე თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ “კავკასუს ონლაინმა” დაარღვია კომუნიკაციების შესახებ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები, როდესაც მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება წინასწარ კომისიას არ შეუთანხმა.

2020 წლის ივლისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოღვაწე კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.
Neqsol Holding-ის შეფასებით, ახალი კანონმდებლობა არაკონსტიტუციურია და ის რეგულატორს უპრეცედენტოდ ფართო უფლებებს ანიჭებს. 2020 წლის 1 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ კანონის სწორედ ახალი ჩანაწერის საფუძველზე, კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები