მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NEQSOL Holding-მა კომუნიკაციების კომისიას ცილისწამებასთან დაკავშირებული სარჩელი მოუგო

6346a93700ce8
BM.GE
10.10.22 21:30
4893
NEQSOL Holding-ის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ნასიბ ჰასანოვმა კომუნიკაციების კომისიას ქართულ სასამართლოში ცილისწამების საქმე მოუგო. BMG-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელების უმეტესობა, რომელიც ბ-ნი ჰასანოვის წარმომადგენლებმა წარადგინეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (“GNCC”) წინააღმდეგ 2021 წლის 5 ივლისს.

სასამართლომ დაადგინა, რომ კომისიის მიერ 2021 წლის 24 და 26 მარტს გაკეთებული განცხადებები იყო არსებითად მცდარი და მიზნად ისახავდა ნასიბ ჰასანოვის საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

სასამართლომ დამატებით დაავალა კომისიას გამოექვეყნებინა ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავის ოფიციალურ ვებსაიტზე და ფეისბუქის გვერდზე, რაც დაადასტურებდა, რომ ბ-ნი ჰასანოვის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება იყო ცილისმწამებლური.

პარალელურად, გრძელდება საარბიტრაჟო დავა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრში (ICSID). არბიტრაჟის მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, ტრიბუნალმა მიიღო დროებითი ღონისძიება საქართველოს მთავრობის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს მოუწოდებდა შეეწყვიტა მიზანმიმართული თავდასხმები Caucasus Online-ზე. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებას დაევალა შეეჩერებინა იმ ტრანზაქციის გაუქმების მცდელობა, რომლითაც ბიზნესმენმა ნასიბ ჰასანოვმა არაპირდაპირი სახით მოიპოვა Caucasus Online-ის აქციების მფლობელობა. ამასთანავე, შეფასდა, რომ GNCC-ის თავდასხმებმა ინვესტორისთვის 200 მილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია.

საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი ნასიბ ჰასანოვმა 2020 წლის ოქტომბერში წწამოიწყო. მოსარჩელის გადაწყვეტილება, მოეთხოვა დაცვა GNCC-ისგან, გამოწვეული იყო ამ უკანასკნელის მიერ კავკასუს ონლაინზე უკანონო თავდასხმებით და კომპანიის ხელში ჩაგდების განმეორებითი მცდელობით, მიუხედავად იმისა, რომ NEQSOL. ჰოლდინგი და მისი აქციონერი თავიდანვე გამჭვირვალედ აფიქსირებდნენ საკუთარ გეგმებს კომპანიასთან დაკავშირებით და აღნიშნული განხილული იყო მაღალჩინოსნებთან შეხვედრების დროს. კავკასუს ონლაინის ახალი მფლობელი ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განვითარებას გეგმავდა, რომელსაც ოპტიკურ ბოჭკოვანი ხაზებით ცენტრალური აზია საქართველოს გავლით ევროკავშირთან უნდა დაეკავშირებინა.

კომპანიის მესაკუთრის ცვლილების შემდეგ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომუნიკაციების კომისიას ოპერატორებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მისცა. 2020 წლის 1 ოქტომბერს სწორედ ეს უფლება გამოიყენა კომისიამ. ნასიბ ჰასანოვის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის აქტივების ფაქტობრივ ექსპროპრეაციას წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები