მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნერგაძე, ბერძენიშვილი, ქაშიაშვილი... - კავკასიის უნივერსიტეტს ლექტორები ტოვებენ

CU

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლიდან სოსო ბერიკაშვილი დეკანის პოზიციიდან გაათავისუფლეს, უნივერსიტეტს ლექტორები ტოვებენ. ამ დრომდე, უნივერსიტეტის დატოვების შესახებ განცხადებები გააკეთეს "კავკასიის მედია სკოლის" ლექტორებმა:

  • ლევან ბერძენიშვილი

"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

  • ნიკო ნერგაძე

"კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება", - წერს ნერგაძე.

  • ნინო რობაქიძე

"დღეს უნივერსიტეტის მიერ დაკავებული პოზიცია, რაც გამოიხატა უნივერსიტეტების ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადებით და ასევე, თანამშრომლის პოლიტიკური საფუძვლით სამსახურიდან გაშვებით, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც მჯერა და რასაც ვასწავლიდი ჩემს სტუდენტებს", - წერს ნინო რობაქიძე.

    • დავით ქაშიაშვილი

    "სტუდენტების პატივისცემითა და სიყვარულით, მიმდინარე სემესტრს დავხურავ. ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ", - წერს ჟურნალისტი.

    • სალომე უგულავა

    "უნივერსიტეტი არის ადამიანები და არა შენობა. დაუშვებელია, დღეს ნათელ მხარეს არ იდგე. ამიტომ, ვწყვეტ თანამშრომლობას", - წერს უგულავა.

    • დავით ჭუმბურიძე

    "რა თქმა უნდა, ვერ დავრჩები უნივერსიტეტში, რომელშიც ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ავიწროებენ. ასევე სრულიად მიუღებელია უნივერსიტეტის პოზიცია სტუდენტურ პროტესტთან დაკავშირებით", - წასვლის შესახებ ინფორმაცია BMG-ს ჭუმბურიძემ თავად დაუდასტურა.

    • ლევან მოსეშვილი

    "ვემიჯნები უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიციას და ვტოვებ უნივერსიტეტს. ვერ ვიქნები მოღალატე ხელისუფლების პოზიციის გამტარებელი გუნდის ნაწილი", - წერს ის Facebook-ზე.

    • რუსიკო კობახიძე

    "მე, რუსიკო კობახიძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ვაცხადებ, რომ ვტოვებ უნივერსიტეტს მისი რექტორის პოზიციის გამო. ჩემი უძვირფასესი სტუდენტების მომავლის გამო", - წერს კობახიძე.

    • დავით ბერძენიშვილი

    "კავკასიის უნივერსიტეტში ვასწავლიდი საქართველოს ისტორიას და რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, თუმცა ახლა ეს რუსთაველზე იწერება, სადაც ისედაც დგანან ჩემი სტუდენტები. ეს ჩემთვისაც ბოლო სემესტრია", - ვკითხულობთ ბერძენიშვილის Facebook პოსტში.

    • ლიკა მერაბიშვილი

    "დილიდან მივედი კავკასიაში, არც ერთი სტუდენტი იქ არ იყო, იმიტომ რომ არიან რუსთაველზე.. მეც დავიძარი.. გზაში გავიგე, რომ დოკუმენტს კავკასიამ მოაწერა ხელი.. მე დავტოვე კავკასიის უნივერსიტეტი, ეს იქნება ბოლო სემესტრი ჩემი", - წერს ის.

    • გაგა თუთარაშვილი

    "ჩემი 3 ჯგუფი, რომელსაც პოლიტიკის შესავალს ვასწავლი, აუცილებლად დაასრულებს ამ სემესტრს და მათ შუა გზაში არ მივატოვებ, მაგრამ ივნისის შემდეგ ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარს ვაცხადებ.

    დაშინებით, ძალადობით და საქართველოს მომავლის გაყიდვით აღებული ხელფასი მე არაფრად მიღირს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე შემოსავლის მოკლება ძალიან დამაზიანებს".

    • ნინო მითაიშვილი

    "სრულიად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან სოსო ბერიკაშვილი მიმართ უსამართლო ქმედება. მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა და პატივისცემისა სტუდენტების მიმართ, ვტოვებ კავკასიის უნივერსიტეტს", - წერს მითაიშვილი Facebook-ზე.

    • ზვიად ქორიძე

    "ძალიან რთულია ჩემთვის ამ სტატუსის დაწერა, რადგან 16 წელი ვიყავი კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მოწვეული ლექტორი. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ეს უნივერსიტეტი. სტუდენტთა პროტესტი განაპირობა მთავრობის თავგასულობამ", - წერს იგი Facebook-ზე.

    • სოფიო ზურაბიანი

    "მე არ მინდა იმ უნივერსიტეტში დარჩენა, სადაც ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მმართველთა საბჭოს ბორდია საჭირო უნივერისტეტის ხელმოწერის გამოსაწვევად სამარცხვინო განცხადებიდან.ამიტომ ვწყვეტ თანამშრომლობას კავკასიის უნივერსიტეტთან", - წერს ზურაბიანი.

    • მამუკა ანდღულაძე

    "მაშინ, როცა მთელი ქვეყანა, საამაყო, დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე სტუდენტებთან ერთად, რუსულ კანონს აპროტესტებს, ჩემთვის სრულიად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პოზიცია. ამ ვითარებაში აღარ შემიძლია დავრჩე ამ უნივერსიტეტის ლექტორად, რაოდენ რთულიც არ იყოს სტუდენტებთან განშორება. შესაბამისად, ვწყვეტ კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას".

    • მაია წიკლაური

    "ჩემთვის მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერა 38 უნივერისტეტის განცხადების ქვეშ და ასევე ის ფაქტი, რომ ხელმოწერის გამოსაწვევად მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება გახდა საჭირო. გადავწყვიტე, რომ ეს სემესტრი იქნება ბოლო ამ უნივერსიტეტში", - წერს წიკლაური Facebook-ზე.

    • ნინი ჭაჭია

    "ვწუხვარ, რომ მიწევს ამ სახის გადაწყვეტილების მიღება - ვწყვეტ თქვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობას. უფრო მეტად ვწუხვარ, რომ დღეს სხვადასხვა პოზიციებზე ვდგავართ და ჩვენი ღირებულებები თურმე რადიკალურად განსხვავებულია".

    • ნინო იმედაშვილი

    "მეც დავტოვე სეუც და კავკასიაც", - ადასტურებს ის კომენტარების ველში.

    [სია განახლებადია]

    14 მაისს "კავკასიის ეკონომიკის სკოლის" დეკანმა, სოსო ბერიკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ იგი დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. ბერიკაშვილის თქმით, 7 მაისს იგი სამსახურიდან "რეორგანიზაციის საბაბით" გამოუშვეს.

    სოსო ბერიკაშვილი კავკასიის უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს

    კახა შენგელია "კავკასიის უნივერსიტეტიდან“ სოსო ბერიკაშვილის გაშვების მიზეზს განმარტავს

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები