1 ოქტომბრიდან მზის მიკრო, მცირე და საშუალო სიმძლავრის ელექტროსადგურები ქსელში ინტეგრაციას ნეტო აღრიცხვის სისტემის ნაცვლად ნეტო დარიცხვის რეგულაციის ფარგლებში შეძლებენ.
ნეტო აღრიცხვისგან განსხვავებით, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ ქსელში გადაცემული ჭარბი ელექტროენერგია მომავალი მოხმარებისთვის, ნეტო დარიცხვა გულისხმობს ქსელში მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ცალკე-ცალკე აღრიცხვას და ფინანსურ ანაზღაურებას.
მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი თორნიკე დარჯანია ამბობს, რომ აღნიშნული მოდელი უფრო მეტად საწარმოების და სხვა იურიდიული პირების შემთხვევაში იმუშავებს და ფიზიკური პირებისთვის ისეთივე მიმზიდველი არ იქნება, როგორც ნეტო აღრიცხვის სისტემაა.
„ნეტო აღრიცხვისგან განსხვავებით, ნეტო დარიცხვა იმას ნიშნავს, რომ ქსელში სიჭარბე რაც გადაგვივა იმას შეისყიდის გამანაწილებელი კომპანია ან თავისუფალი მიმწოდებელი, რა თქმა უნდა დაბალ ფასად. ახლა რასაც გვეუბნებიან ენერგო პრო ჯორჯია 5,5 თეთრად, თელასი 8,5 თეთრად. როცა ერთი ერთში იქვითებოდა უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე ეს, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ ეს მოდელი იმუშავებს, განსაკუთრებით იურიდიული პირებისთვის და საწარმოებისთვის, რომელთა საკუთარი მოხმარება და გამომუშავება ერთმანეთს ემთხვევა. 50%-ის შემთხვევაში რომ ეს დამთხვევა იყოს ბიზნეს მოდელი იმუშავებს.
ფიზიკური პირები ჩვენდა სამწუხაროდ, დღის განმავლობაში ვართ გასულები საქმეზე და მთლიანი ეს გენერაცია რაც კი ხდება, თითქმის 90% ქსელში გადაედინება ანუ ეს გამოწვევა გვაქვს ფიზიკურ პირებთან მიმართებით, რომ მათ ფაქტობრივად სულ სიჭარბე ექნებათ და სულ ქსელში გადაუვათ და სულ მოუწევთ, რომ იაფად გაყიდონ, ამიტომ ფიზიკურ პირებთან მიმართებით ვფიქრობთ შემნახველი სისტემების დანერგვას, სადაც შეინახავენ და საღამოობით გამოიყენებენ გენერაციას“,-აცხადებს თორნიკე დარჯანია.




























