მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე NGO-ებს "თავხედურ მოქმედებასა" და ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში ადანაშაულებს

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტული NGO-ები ჩართული იყვნენ სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს. მისივე თქმით, რომ ყოფილიყო კანონი გამჭვირვალობის შესახებ, ეს არ მოხდებოდა.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონი რომ ყოფილიყო, NGO-ებს გაუჭირდებოდათ ემოქმედათ ასე თავხედურად ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ და უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ საკუთარ დონორებს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ პროექტს და რომელ NGO-ს გულისხმობდა.

bm.ge-იმ უკვე მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას კითხვებით, თუ რა პროექტებზეა საუბარი და გულისხმობდა თუ არა პრემიერი მათ შორის ნამახვანჰესის პროექტს. გარდა ამისა, ჩვენ ვიკითხეთ, თუ რომელ ორგანიზაციებს გულისხმობდა პრემიერი. პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, სუს-ი 2021 წელს, ჰესების წინააღმდეგ პროტესტის უკან "დაინტერესებულ პირებს" ხედავდა. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. აღსანიშნავია, რომ სამი წლის წინ განსაკუთრებული პროტესტი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. მაშინ საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ინვესტორს ჰესის მშენებლობის შესაძლებლობა არ მისცეს, რის გამოც 2021 წლის სექტემბერში ნამახვანჰესის ინვესტორმა ENKA Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა.