„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის ბესო ნამჩავაძის განცხადებით, ე.წ. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური დანაკარგები ქვეყნისთვის შეუფასებლად დიდი იქნება.
„საქმიანი დილის“ ეთერში ნამჩავაძემ გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, არასამთავრობო სექტორი ისედაც გამჭვირვალეა, ამ არგუმენტით კანონის მიღება კი მხოლოდ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მცდელობაა.
„შეიძლება ამის ფასი იმდენად დიდი იყოს, რომ მე რაც არ უნდა პესიმისტური რამე ვთქვა ახლა, საბოლოოდ ოპტიმისტური აღმოჩნდეს. პირველ რიგში ეს პოლიტიკური ფასია, ქვეყნის თავისუფლების ფასი დგას, ევროინტეგრაციის ფასი დგას, საქართველოს გადარჩენის ფასი დგას. ერთხელ და სამუდამოდ საქართველომ თავი უნდა დააღწიოს რუსეთის გავლენას და ვიქცეთ ევროპის ნაწილად - ეს დგას ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ და ამის მერე შეიძლება ვისაუბროთ ეკონომიკურ დანაკარგებზე. რაც გაზიანებს პოლიტიკურად, გაზიანებს ეკონომიკურადაც.
დღეს ისედაც გამჭვირვალეა არასამთავრობო სექტორი, არავინ არ მალავს ვის საიდან აქვს გრანტი მიღებული, ვებგვერდებზეც გვიწერია და გარდა ამისა, არის საიტი, რომელიც თვითონ მთავრობამ შექმნა და იქაც ჩამოთვლილია ვინ რა გრანტს იღებს. ამას გარდა, ჩვენ 1 ლარს ვერ დავხარჯავთ ისე, თუ შემოსავლების სამსახურში ჩვენი ბუღალტერი არ გაატარებს. აბსოლუტურად ყველაფერი იციან პირადი ინფორმაციიდან დაწყებული, ვინ რა ხელფასს იღებს, იმით დამთავრებული რა ავეჯს თუ ტექნიკას ვყიდულობთ, აბსოლუტურად ყველაფერი იციან. რა საჭიროა ამისთვის ახალი კანონი? შეგვიძლია არსებულში ერთი დამატებითი მუხლის ჩამატება. უბრალოდ ეს არ არის მიზანი, პროპაგანდისთვის აირჩიეს რომ გამჭვირვალობა კარგია, თორემ რეალურად მთელი NGO სექტორი ამ გამჭვირვალობის თემაზე ვმუშაობთ. კარი ღიაა და გვეუბნებიან კარი გააღე, თუ არ გააღებთ, დაგიჭერთ და რა უნდა ვქნათ ამ დროს, ისედაც ღიაა.
ჩვენი მთავარი მანდატია კორუფციის კონტროლი, კორუფცია აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენ და ჩვენნაირი ორგანიზაციები თუ აღარ იქნებიან, ესენი სრულად აიშვებენ და რასაც იპარავენ, ათი იმდენს მოიპარავენ, გავლენები მეტი ექნებათ, ეს შეაჩერებს იმ წინსვლას რაც გვაქვს, ამიტომაც უნდათ რომ ასეთი „მყვილარა“ ორგანიზაციები არ იყვნენ ვინც საეჭვოდ გამდიდრებულ პოლიტიკოსებზე წერს.“ - აცხადებს ნამჩავაძე.
ორგანიზაციაში არგუმენტების არარსებობის თემაზე მთავრობის რიტორიკასაც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ სექტორი ნებისმიერ დროს მზად არის დებატებისთვის.
„იციან, რომ ელჩები მთავრობას არ დაუჯდებიან, მათი როლი და მანდატი არ არის დებატებში დაჯდომა. უბრალოდ „არ მოსულა“ ეს. მთავრობას ყველა ვეხვეწებით ჩვენთან დასხდნენ დებატებში მაგრამ გამოკეტილები არიან რამდენიმე თავიანთ ტელევიზიაში და იქიდან ავრცელებენ თავიანთ პროპაგანდას. ხვალ გამოვლენ და იტყვიან, რომ აი ელჩები გამოვიწვიეთ და არ მოვიდნენ, ამის ასაწევად უნდოდათ რეალურად ეს თემა.
არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გაჩერდება ეს თემა არასამთავრობო სექტორზე. არასამთავრობო სექტორი რასაც იღებს, ის 10%-იც არ არის იმის რასაც მთავრობა იღებს. მაგ. წელს იღებს 180 მლნ ლარის გრანტებს და უსასრულო ჩამონათვალი იმისა, თუ რამდენი რამე კეთდება ამ თანხით. თუ სადმე გზა იგება, კანალიზაცია, წყალი, თუკი რამე რემონტდება და შენდება ბაღი იქნება, სკოლა თუ კულტურული ცენტრები, უსასრულო სიაა რაც კეთდება. მიმდინარე პროექტების ღირებულება რაც უცხოური დაფინანსებით კეთდება არის, 6 მლრდ ლარამდე და ამასაც საფრთხე ექმნება იმიტომ, რომ შენ თუ ევროპას, ამერიკა, იაპონიას და დიდ ბრიტანეთს მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ აღიქვამ და მისი დახმარება აგენტური გავლენა გგონია, ყველაფერს საფრთხე ექმნება და ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა", - განაცხადა ნამჩავაძემ.
მისი თქმით, შესაძლებელია, ამ კანონის მიღებას მერე მოჰყვეს სანქციები როგორც პიროვნული, კანონის მიმღებ პირებზე, ისე თემატური სანქციები.
"ამას მიანიშნებს 7 ტონა ოქროს ჩამოტანა საქართველოში, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ოქროში გადატანა დაიწყო, რომ რაღაც მოხდეს ამისთვის. წარმოუდგენელ რისკზე მიდიან.
თუ გვინდა, რომ მარტივად გადავაგოროთ ეს ყველაფერი უნდა ვიყოთ ბევრნი, სოციალურ ქსელებში ნათელია, რომ ბევრნი ვარტ მაგრამ აუცილებელია აქციაზეც ბევრნი ვიყოთ “ - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში შესვლა მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეუძლიათ. შენობაში ვერ შევა ვერც ონლაინ მედიის და ვერც რადიოს ჟურნალისტი.