მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდები და დუბაი - "KTW ჯგუფი" წელს საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავს

620ca4021c8a9
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.22 23:43
1241
საქართველომ 2021 წელს ღვინის ექსპორტით 239.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის მაჩვენებელს ($210.3 მლნ) 13.8%-ით აღემატება. შედეგად საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა ექსპორტზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ღვინის ექსპორტი შარშან 441-მა კომპანიამ განახორციელა. აქედან TOP-10 ექსპორტიორი კომპანიის ჩამონათვალში შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა (KTW) მოხვდა, რომელიც არამხოლოდ ღვინის ექსპორტის სტატისტიკაშია ლიდერ პოზიციებზე, არამედ საქართველოს ზოგად ექსპორტში უმსხვილეს 20 ექსპორტიორ კომპანიას შორისაა. აქედან გამომდინარე BM.GE-მ კომპანიის ექსპორტის სტატისტიკით დაინტერესდა და KTW-ს რამდენიმე კითხვით მიმართა. კომპანიაში 2021 წლის ექსპორტის ზუსტ მოცულობებს ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ წარმოებული ალკოჰოლური სასმელის 90% ექსპორტზეა მიმართული.

„2021 წელს KTW ჯგუფის საქმიანობა, პანდემიური პერიოდის მიუხედავად, წარმატებული აღმოჩნდა. დღეს კომპანია 90-მდე დასახელების ალკოჰოლურ სასმელს: ღვინოს, შუშხუნა ღვინოსა და ჭაჭას აწარმოებს. „KTW ჯგუფმა“ გასული წლის განმავლობაში 6 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო აწარმოა, 11 მლნ ბოთლს გადააჭარბა ბრენდისა და ჭაჭის რაოდენობამ, „გურამიშვილის მარნის“ კლასიკური პრემიალური ცქრიალა ღვინო კი 50 000-ზე მეტი ბოთლი ჩამოისხა. ალკოჰოლური სასმელის ამ მოცულობების დაახლოებით 90%-ზე მეტი საერთაშორისო ბაზარზე გავიდა“, - ამბობენ კომპანიაში.
 
„კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ ექსპორტის მიმართულებით აქტიურობა კომპანიის დაარსებიდან 2001 წელს დაიწყო და დღეისთვის KTW ჯგუფის პროდუქცია 25-ზე მეტ ქვეყანაში გადის. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე განმარტავს, რომ თანმდევი სირთულეები ყველა ბაზარზე შესვლასა და თავის დამკვიდრებას ახლდა. კომპანიისთვის განსაკუთრებულად რთული ამ პერიოდის განმავლობაში არატრადიციულ ბაზრებზე გასვლა აღმოჩნდა. ეს ის ქვეყნები იყო, სადაც არათუ კომპანიის პროდუქციას, არამედ ქვეყანასაც კი ნაკლებად იცნობდნენ. 

„ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, ასევე აზიის და ამერიკის ბაზრები შედარებით რთულად ხელმისაწვდომი აღმოჩნდა, თუმცა გვიხარია, რომ თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ბევრი ქვეყნის ბაზარზე წარმატებით შევედით. ამ განვლილი გზის შედეგი კი ის არის, რომ ჩვენი პროდუქცია დღეისთვის 25-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

"KTW ჯგუფისთვის" 2021 წლის მთავარი წარმატება აზიის საექსპორტო ბაზრებზე გასვლა და პროდუქციის მიმართ ამ კუთხით არსებული მზარდი ინტერესია.

ცნობისთვის, "KTW ჯგუფმა" თავდაპირველად, აზიასთან ურთიერთობა ჩინეთის ბაზრით დაიწყო. დღეს კი კომპანიის პროდუქცია სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ვიეტნამსა და ჰონ-კონგშია ხელმისაწვდომი. მართალია, პანდემიის პერიოდში ჩინეთის ბაზართან ურთიერთობა გართულდა, რადგან პანდემიის დასაწყისში ჩაკეტილი საზღვრები ბევრი მიმართულებით დღემდე არ გახსნილა, თუმცა, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ეს მოცემულობა მალე შეიცვლება და ჩინეთთან ვაჭრობის დადებითი დინამიკა შენარჩუნდება. კომპანიის ინფორმაციით, KTW-ს ალკოჰოლური სასმელების მიმართ ინტერესი აშშ-შიც ფართოვდება და მათი ღვინო რამდენიმე შტატშია წარმოდგენილი.

"KTW ჯგუფი" მიმდინარე წელს საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს, რა მიზნითაც მოლაპარაკებებს ნიდერლანდებთან და დუბაისთან უკვე აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები