მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდები უკრაინას სამი წლის განმავლობაში €1.7 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

უკრაინა

ნიდერლანდების მთავრობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის არასამხედრო და 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს - ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

500 მილიონ ევროიანი პაკეტის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა რობ იეტენმა განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული პაკეტი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად დრონებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას მოხმარდება. ეს განცხადება ნიდერლანდების მთავრობის მეთაურმა ჰააგაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

რაც შეეხება 1.2 მილიარდის არასამხედრო დახმარებას, ამის შესახებ ნიდერლანდების მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

"ნიდერლანდების მთავრობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს არასამხედრო დახმარებას გაუწევს. პაკეტი მიზნად უკრაინის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ქვეყნის აღდგენის მხარდაჭერასა და ნიდერლანდური ბიზნესისთვის შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარ პრიორიტეტებად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების გაძლიერება და ბიზნესის ხელშეწყობა დასახელდა. საგარეო ვაჭრობისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის მინისტრმა შურდ ვიმერ შურდსმამ ახალი პაკეტის შესახებ 28 ოქტომბერს, კიევში ვიზიტისას განაცხადა.

"უკრაინა რუსეთის მხრიდან ინტენსიური თავდასხმების წინაშე დგას და მას წინ ურთულესი ზამთარი ელის. ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაც გადამწყვეტია, გავაგრძელოთ უკრაინელების მხარდაჭერა მათ წინააღმდეგობაში. სწორედ ამიტომ დგამს მთავრობა მორიგ ნაბიჯს", - აღნიშნა მინისტრმა.

ნიდერლანდები მიმდინარე წელს უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის ფონდისთვის დამატებით 40 მილიონი ევროს გამოყოფას დააჩქარებს. ეს თანხა ენერგოინფრასტრუქტურის გადაუდებელ შეკეთებასა და აღდგენას მოხმარდება.

რუსული საჰაერო იერიშების სამიზნე სულ უფრო ხშირად ხდება უკრაინის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სისტემები, რაც მნიშვნელოვან ზიანსა და ნგრევას იწვევს. ნიდერლანდების დახმარება დაზიანებული ობიექტების შეკეთებას, გადაუდებელი მარაგების შექმნასა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში სპეციალისტების მომზადებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, ნიდერლანდები 55 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის ენერგეტიკული აღჭურვილობისა და მასალების მისაწოდებლად.

ნიდერლანდების მთავრობა ფინანსებს გამოყოფს იმისთვის, რომ ბიზნესმა მეტი წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში და ამავდროულად გააფართოოს საკუთარი წარმომადგენლობა უკრაინის ბაზარზე. კერძოდ, 136 მილიონი ევრო რამდენიმე პროგრამაზე, მათ შორის Ukraine Partnership Facility-ზე განაწილდება.

მთავრობა ასევე აფართოებს საექსპორტო საკრედიტო დაზღვევას, რათა შეამციროს ფინანსური რისკები იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც საქონლის უკრაინაში ექსპორტი სურთ. ამ მიზნით, უკვე გათვალისწინებულ 60 მილიონ ევროს დამატებით 19.5 მილიონი ევრო დაემატება.

გარდა ამისა, შურდსმა და უკრაინის ეკონომიკის მინისტრი ალექსანდრ კრავჩენკო ხელს მოაწერენ განზრახულებათა ოქმს, ინიციატივა "ინდუსტრიულ რამშტაინში" (Industrial Ramstein) 10 მილიონი ევროს შენატანის შესახებ, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ არის ინიციირებული.

პროექტი უკრაინული საწარმოების წარმოების სიმძლავრეების აღდგენასა და მოდერნიზაციას ისახავს მიზნად დანადგარების, აღჭურვილობისა და სხვა საქონლის მიწოდების გზით, მათ შორის ნიდერლანდებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები