სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას დაესწრება და შეხვედრებს გამართავს. ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი აშშ-ის დედაქალაქში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო რელიგიურ სამიტს და ეროვნულ სამლოცველო საუზმეს დაესწრება. ოფიციალური შეხვედრების შესახებ ინფორმაცია, ამ დრომდე, საჯარო არ არის.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ვაშინგტონში მყოფ პრემიერ-მინისტრს აშშ-ში მცხოვრები სომხების ნაწილი პროტესტით შეხვდა. საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორები ახალგაზრდა “სომეხი ამერიკელები” არიან სომხეთის საელჩოს წინ მოეწყო. აქციაზე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ამ ვიზიტით, პრემიერ-მინისტრი, რომლის ქმედებებმა სომხეთის სუვერენიტეტი საფრთხის წინაშე დააყენა, აშშ-ის წინაშე საკუთარი პერსონის გაკეთილშობილებას ცდილობს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში კავკასიაში რუსული პოლიტიკის გამტარებელ სახელმწიფოდ ითვლებოდა, რუსული ორბიტიდან გავიდა, განვითარების ვექტორი მკვეთრად შეცვალა და აწმყოცა და მომავალიც დასავლეთს დაუკავშირა. რამდენიმე კვირის წინ, სომხეთის მთავრობამ ჯერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად შესაბამისი კანონი მიიღო, ხოლო შემდეგ, სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს.
დოკუმენტი, რომელსაც აშშ-ის დედაქალაქში ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და იმ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოაწერეს, გულისხმობს, როგორც დემოკრატიის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საერთო ღირებულებების ხელშეწყობას, ასევე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ხელშეწყობას, სამხედრო კუთხით თანამშრომლობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წახალისებას.
ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა, მართალია, უმეტესწილად, ეკონომიკური თანამშრომლობის წახალისებას ისახავს მიზნად, მაგრამ დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სამხედრო დახმარებასაც. ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც NATO-ში მუდმივი პრაქტიკის მქონე უძლიერესი ჯარისკაცებით და ყველაზე მძლავრი ტექნოლოგიებით აღჭურვილი არსენალი აქვს, სომხეთში და სომხების ჩართულობით სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, რაც ქვეყნის ჯარს განავითარებს.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთში სასაზღვრო პატრულის ჯგუფის განთავსებას გეგმავს. გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, ხოლო თავად სომხეთი ისტორიულად ტერიტორიულ დავებში მყოფი ქვეყანაა, ქვეყანაში ამერიკული სასაზღვრო პარტრულის არსებობა, წესით და რიგით, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნების წინაპირობა იქნება.
სომხეთი, რომელიც ტერიტორიულად მცირე სახელმწიფოა, განსაკუთრებული ეკონომიკით არ გამოირჩევა. დღეს, სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი $25.4 მილიარდია, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით $8,575-ის ტოლია. ინფლაცია სომხეთში 3.1%-ის ფარგლებში დასტაბილურდა, რაც, დიდწილად, 2022 წელს 10.75%-მდე გაზრდილ რეფინანსირების განაკვეთს უკავშირდება. ქვეყნის ეკონომიკა ჯანსაღი 6%-ით იზრდება, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერაც სიღარიბეში და უსამსახუროდ ცხოვრობს. სომხეთის ეკონომიკის წამყვან დარგებს შორის IT სექტორს, წარმოებას და სოფლის მეურნეობას ვხვდებით.