მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკოლას მადურო სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება

მადურო

ხუთშაბათს ვენესუელის გადაყენებული პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ნიუ-იორკში სასამართლოს წინაშე მეორედ წარდგება. სისხლის სამართლის ბრალდებებს შორისაა ნარკოტერორიზმი.

მადუროს კიდევ სამი მუხლით ედება ბრალი, მათ შორის კოკაინის იმპორტის მიზნით შეთქმულება. კერძოდ, მადუროს ბრალად ედება შეთქმულების ხელმძღვანელობა, რომლის ფარგლებშიც მისი მთავრობის მაღალჩინოსნები ვენესუელაში კოკაინის გადაზიდვას უწყობდნენ ხელს ტრეფიკიორებთან, მათ შორის "კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან" (FARC) თანამშრომლობით.

აშშ FARC-ს 1997 წლიდან 2021 წლამდე ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევდა. მადურო და მასთან ერთად ბრალდებული მაღალჩინოსნები ყოველთვის უარყოფდნენ დანაშაულს და აცხადებდნენ, რომ აშშ-ის ბრალდებები ვენესუელის დასაზიანებლად მიმართული იმპერიალისტური შეთქმულების ნაწილია.

მადუროს დამნაშავედ ცნობისთვის, პროკურორებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მან იცოდა, რომ ნარკოტრაფიკს, რომელსაც სავარაუდოდ ხელს უწყობდა, ფინანსური სარგებელი მოჰქონდა ჯგუფისთვის, რომელიც აშშ-ის მიერ ტერორიზმად მიჩნეულ საქმიანობაში იყო ჩართული, თუნდაც თავად მადუროს სხვა მიზნები ჰქონოდა.

პროკურორებს ჯერ არ გაუსაჯაროებიათ, ვინ მისცემს ჩვენებას მადუროს წინააღმდეგ.

ცნობისთვის, აშშ-ში ნარკოტერორიზმის ბრალდებას არეგულირებს კანონი, რომელიც სასამართლო პროცესებზე იშვიათად გამოუცდიათ და წარმატების შეზღუდული ისტორია აქვს.

კერძოდ, Reuters-ის მიერ ფედერალური სასამართლოს ჩანაწერების განხილვამ აჩვენა, რომ 2006 წელს მიღებულმა კანონმა, რომელიც მიზნად ისახავს ნარკოტრაფიკის იმგვარი ფორმების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებსაც აშშ ტერორიზმად მიიჩნევს, მხოლოდ ოთხი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიღო. აქედან ორი მოგვიანებით გაუქმდა მოწმეთა სანდოობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ეს არაერთგვაროვანი სტატისტიკა ხაზს უსვამს იმ მთავარ გამოწვევას, რომლის წინაშეც პროკურორები მადუროს საქმეში შეიძლება აღმოჩნდნენ: დაარწმუნონ ნაფიცი მსაჯულები, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სავარაუდო ნარკოდანაშაულებსა და ტერორიზმს შორის შეგნებულ კავშირს ადგენს.

ნარკოტერორიზმი სავალდებულო მინიმუმ 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, რაც ორჯერ აღემატება ჩვეულებრივი ნარკოტრაფიკისთვის დადგენილ მინიმალურ სასჯელს. ორივე დანაშაულმა შეიძლება უვადო პატიმრობა გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, რომ 63 წლის მადურო ვენესუელას 2013 წლიდან მართავდა, სანამ ის 3 იანვარს კარაკასში აშშ-ის სპეცრაზმმა არ დააკავა. 5 იანვარს მან აშშ-ის მიერ წაყენებულ ყველა ბრალდებაში თავი უდანაშაულოდ ცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები