მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნიკოლი“ წარმოების გაფართოებას გეგმავს - „ადგილობრივი მოთხოვნა მიწოდებას აღემატება“

62d153c19dc97
ვიქტორია მღებრიშვილი
15.07.22 23:16
968
ბავშვთა სამოსის ქართული მწარმოებელი ბრენდი „ნიკოლი“ წარმოების გაფართოებას წლის ბოლომდე გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაშვილი Bm.GE-სთან ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, რამაც წარმადობის გაზრდის აუცილებლობა განაპირობა.

„დღეისთვის „ნიკოლი“ წლიურად 25 000 ერთეულ სამოსს აწარმოებს და გარდა ამისა, კორპორაციულ დაკვეთებზეც ვმუშაობთ. საწარმოში 35 ადამიანი გვყავს დასაქმებული. ჩვენი პროდუქტის რეალიზებას თბილისში - ორი, ხოლო ბათუმში ერთი ფილიალის, ასევე სოციალური არხების საშუალებით ვახდენთ. პანდემიის შემდეგ საბავშვო სამოსზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია. იმისთვის, რომ ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვუპასუხოთ, წარმადობის გაზრდა გადავწყვიტეთ. დღეისთვის პროექტი დამუშავების ეტაპზეა, ვარჩევთ ადგილს, სადაც ან ახალ საწარმოს ავაშენებთ ან არსებულ საწარმოს გავაძლიერებთ. ამისთვის, დაახლოებით, 1 მლნ ლარის ინვესტიცია დაგვჭირდება. შედეგად კი წარმადობას და დასაქმებულთა რაოდენობას გავაორმაგებთ“, - განმარტა „ნიკოლის“ დამფუძნებელმა.

ნიკა ნიკოლაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდეგ, კომპანია „აწარმოე საქართველოს“ პროგრამით სარგებლობასაც განიხილავს.

კომპანიის დამფუძნებელმა ტექსტილის საწარმოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნიკოლის“ სამოსი ძირითადად თურქეთიდან შემოტანილი ქსოვილით იწარმოება. თურქეთში მაღალი ინფლაციის პირობებში ნედლეულის გაძვირება კი მათ წარმოებაზეც აისახება, თუმცა კომპანია ცდილობს ფასების ცვლილება მტკივნეულად არ აისახოს მომხმარებელზე.

„დღეს გამოწვევაა ასევე კადრების დეფიციტი. სამწუხაროდ, ქართველი დამსაქმებელი იმხელა ხელფასს ვერ აძლევს დასაქმებულს, როგორიც სხვა ქვეყნებშია, შესაბამისად, კადრების გადინება ჩვენი დარგის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს“, - აღნიშნა ნიკა ნიკოლაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები