„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ USAID-ის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” პროგრამის ფარგლებში „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კინოსკოლა და კინოსტუდიის“ პროექტზე მუშაობს, რომელიც სტუდენტების პირველ ნაკადს მაისისთვის მიიღებს. პროექტის განხორციელების ვადებსა და მნიშვნელობაზე უნივერსიტეტის რექტორმა გია ბარკალაიამ BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
მისი თქმით, კინოსტუდიისთვის საჭირო ტექნიკური დანადგარები და აღჭურვილობა უკვე შეძენილია და მალე ჩამოვა. კინოაკადემიისა და კინოსტუდიის მოწყობისთვის ჯამში 2.8 მლნ დოლარი იხარჯება, საიდანაც $800 ათასამდე USAID-ის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” პროგრამით იფარება, დანარჩენი კი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ ინვესტიციას წარმოადგენს. კინოაკადემია დიღმის მასივში „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ მფლობელობაში არსებული ე.წ. „ზარაფხანის“ შენობის დიდ ნაწილს დაიკავებს. USAID-თან თანამშრომლობა კი კინოინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ერთობლივი სასწავლო პროგრამების შექმნას ითვალისწინებს.
„ჩვენ პროექტი გასულ წელს დავიწყეთ და პროგრესი ძალიან დიდია. ჩვენ საკმაოდ დიდი ინვესტიცია აპარატურის შესაძენად განვახორციელეთ. ახლა ის აპარატურა შევუკვეთეთ, რომელიც ამ მიმართულებით გამოიყენება. ეს არის კამერები, ლინზები და ა.შ., რომლის მოხმარებასაც ჩვენი სტუდენტები შეძლებენ და ნახავენ როგორ შეიძლება ნამდვილი ფილმის და სერიალის გადაღება. აპარატურის ნაწილი თებერვლის ბოლოს ჩამოვა, სრულად კი კინოსტუდიის აპარატურით აღჭურვა აპრილის შუა რიცხვებამდე მოხდება.
რაც შეეხება შენობას, ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეწყობა. კინოსტუდია და კინოაკადემია ე.წ. „ზარაფხანის“ შენობის დიდ ნაწილს დაიკავებს. ამ პროექტით ვფიქრობ, საქართველოში კინოფილმის მიმართულება გაუმჯობესდება და ის პროფესიონალები, რომლებიც ქვეყანაში არიან და უცხოელები, რომლებიც გვეხმარებიან, ამ სფეროს დიდ წარმატებას მოუტანს“, - განმარტა ბარკალაიამ.
პროექტის ვადებისა და პირველი ნაკადის მიღების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორი ამბობს: „წინ კარგი ტემპით მივდივართ. გვაქვს გარკვეული დედლაინები და ამ თარიღებში კარგად ვეტევით. ვადებს რაც შეეხება, ვფიქრობ, მაისის ბოლოს პირველი მიღება გამოცხადდება.
ჩვენი ამოცანა არამხოლოდ ქართველების, არამედ უცხოელი სტუდენტების მიღებაა, აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს პარტნიორობა დევიდ ლინჩის აკადემიასთან, რომელიც ჩვენი საკმაოდ კარგი მხარდამჭერია. პირველ წელს ჩვენ დიდ რიცხვებს არ ვუმიზნებთ, თუმცა პირველ ნაკადზე 30 სტუდენტის მიღებაა ნავარაუდევი. სწავლის ღირებულება ისეთი არ იქნება, რომელსაც ქართველი სტუდენტები ვერ შესწვდებიან“, - ამბობს გია ბარკალაია, თუმცა სწავლის ღირებულებას ჯერ ვერ აკონკრეტებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში 2024 წლის 29 იანვრიდან - 9 თებერვლამდე ტრენინგი ტარდება, რომლებსაც „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ პარტნიორის, აშშ-ს აიოვას შტატში მდებარე მაჰარიშის საერთაშორისო უნივერსიტეტის კინემატოგრაფიის სკოლის წარმომადგენლები უძღვებიან. ეს პროფესიებია: საოპერატორო ხელოვნება (კინემატოგრაფია); განათების დიზაინი; ვიდეომონტაჟი; ლაინ პროდიუსინგი (კინოწარმოების მენეჯმენტი). ტრენინგები აღნიშნული სფეროების პროფესიონალებზეა გათვლილი და ყურადღება სწავლების თანამედროვე სტანდარტებზე მახვილდება.