მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $3 მილიონით გაიზარდა

დოლარი

ნოემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $3 მილიონი დოლარით გაიზარდა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი სავალუტო რეზერვები 485 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით მთლიანი რეზერვები 5.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც მიმდინარე წლის მოსალოდნელი მშპ-ის (29.9 მილიარდი დოლარის) 17%-ია.

შედარებისთვის, ოქტომბერში რეზერვები $154 მილიონი დოლარით შემცირდა, რაც ინტერვენციების გააქტიურებას და საგარეო ვალების მომსახურებას უკავშირდებოდა.

წინა თვეების განმავლობაში ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების აქტიურად შესყიდვით იყო დაკავებული. წელს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით 1.47 მილიარდი დოლარი ამოიღო, მათ შორის ყველაზე მსხვილი $322-მილიონიანი შესყიდვა აპრილში განახორციელა.

მესამე კვარტლის ბოლოდან კი რეზერვების შესყიდვის პოლიტიკა შერბილდა, რაც საქართველოში უცხოეთიდან (ძირითადად რუსეთიდან) კაპიტალის შემოდინების კლებას უკავშირდებოდა. მაგალითად, აგვისტოში შესყიდვები 110 მილიონი დოლარი იყო, სექტემბერში, მხოლოდ 8.4 მილიონი დოლარი, ოქტომბერში კი პირიქით, Bmatch-ის გამოყენებით 13 მილიონი გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები