მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეზერვების დონე, რომელიც გაიზარდა, მაინც რეკომენდებული მოცულობის ქვედა ზღვარზეა - მინისტრის მოადგილე

6486e56730667
შოთა ტყეშელაშვილი
12.06.23 13:31
553
სტატიაში საუბარია:
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მირზა გელაშვილის განმარტებით, საქართველომ სავალუტო რეზერვების დაგროვება კიდევ უნდა განაგრძოს. ამის შესახებ მან პარლამენტში, დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მირზა გელაშვილი აღნიშნავს, რომ 5 მილიარდი დოლარი, რაც ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობაა, სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდებული ნიშნულის ქვედა ზღვარზეა.

“რეზერვები ჩვენი ეკონომიკისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ იმპორტზე დამოიკიდებული ქვეყანა, ასევე გვაქვს მაღალი ფინანსური დოლარიზაცია, რაც იმას ნიშნავს რომ კურსის ცვალებადობისადმი ეკონომიკა არის საკმაოდ მოწყვლადი. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს უფლება რეზერვების დაგროვებაზე ავიღოთ ხელი. ამასთანავე, კიდევ ვაგრძელებთ უცხოური ვალუტის სესხების აღებას, ამიტომ ჩვენი რეზერვების დონე, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაინც რჩება რეკომენდებული მოცულობის - კარგი პრაქტიკის ქვედა ზღვართან ახლოს. რეზერვები გვაქვს იმპორტის 3 თვის მოცულობის. ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში მოგვიწევს რეზერვების გაზრდა, რათა შევინარჩუნოთ ადეკვატური დონე, რომელიც დააზღვევს იმ რისკებს, რომელიც მაღალი დოლარიზაციისა და იმპორტზე დამოკიდებულებისგან არის გამოწვეული,” - განაცხადა მირზა გელაშვილმა.

სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი სავალუტო რეზერვების ზომა 5,005,318,900 დოლარი იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 128 მილიონი დოლარით ნაკლებია.

ჯერჯერობით უცნობია, რა იყო რეზერვების მოცულობის შემცირების მიზეზი. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, საგარეო ვალების მომსახურებაც ყოფილიყო, რასაც ქვეყანა სწორედ ამ რესურსებით ფარავს.

წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესყიდვის აქტიური პოლიტიკა დაიწყო, რაც მიზნად რეზერვების მოცულობის დაგროვებას ისახავს. თუმცა 2 ივნისს სებ-მა ლარის სწრაფი გაუფასურების ფონზე გასაყიდად 40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა მხოლოდ 17 მილიონი დოლარი აითვისა.

Galt & Taggart-ის შეფასებით, წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვამ 766 მილიონი დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები