ნორვეგიამ ახალი ფრეგატების შესაძენად ბრიტანეთი სტრატეგიულ პარტნიორად აირჩია
ნორვეგიამ ისტორიაში ყველაზე მსხვილი სამხედრო ინვესტიციის ფარგლებში — დაახლოებით 10 მილიარდი ფუნტის (13,5 მილიარდი დოლარის) ღირებულებით — ახალი ფრეგატების შესაძენად სტრატეგიულ პარტნიორად დიდი ბრიტანეთი შეარჩია.
კონკურსში მონაწილეობდნენ გერმანია, საფრანგეთი და აშშ, თუმცა საბოლოოდ ნორვეგიის მთავრობამ არჩევანი ბრიტანულ „T-26 City-class“ ტიპის ხომალდებზე გააკეთა. პრემიერ-მინისტრ იონას გარი სთიორეს თქმით, ფრეგატები ნორვეგიის სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელოვანი ელემენტია.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, შეთანხმება უზრუნველყოფს 4,000 სამუშაო ადგილს, მათ შორის 2,000-ზე მეტს შოტლანდიაში. ნორვეგიის ხელისუფლებამ ასევე დაადასტურა, რომ შეთანხმება მოიცავს ინდუსტრიულ თანამშრომლობას ადგილობრივ კომპანიებთან.
ახალი ფრეგატების მთავარი ამოცანა რუსეთის წყალქვეშა ნავების მონიტორინგი იქნება ჩრდილოეთ ატლანტიკაში, სადაც ნორვეგია NATO-სთვის სტრატეგიულ ზონას აკონტროლებს.




























