მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოდა“ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სამეგრელოში იშვიათი ღვინოების წარმოებას იწყებს

629f3d07d8eb1
ელენე გოგბერაშვილი
11.06.22 23:58
1289
საოჯახო მარანი „ოდა“ მარტვილში ამერიკელ პარტნიორებთან ერთად იშვიათი ვაზის ჯიშების საწარმოებლად ღვინის მარნის აშენებას აპირებს.

„ოდა“ უკვე ფლობს მცირე ბუტიკურ მარანს და რესტორანს, რომელიც როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის სამეგრელოში ერთ-ერთი მთავარი თავშეყრის ადგილია. როგორც „ოდას“ დამფუძნებელი ქეთო ნინიძე bm.ge-სთან აცხადებს, მათ მიერ წარმოებული ორგანული ღვინოები ექსპორტზე 12 ქვეყანაში გადის.

„ჩვენ ვართ სამეგრელოში, ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ადგილი საერთაშორისო და მათ შორის ადგილობრივი ვიზიტორებისთვის. ჩვენ მსოფლიოს 12 ქვეყანას ვაცნობთ საქართველოს ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოებს, მათ შორის ისეთ ქვეყნებს როგორიცაა აშშ, ევროპის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი. ექსპორტზე 6000 ათასი ბოთლი გაგვაქვს. ჩვენი ღვინო იყიდება საუკეთესო რესტორნებში და ბუნებრივი ღვინის საუკეთესო ბარებში.

დამატებით პროექტს ვიწყებთ სამეგრელოში და გვაქვს დიდი გეგმები. კერძოდ, ახალ მარნის პროექტს ვიწყებთ, სადაც წარმოდგენილი იქნება დასავლეთ საქართველოს ისეთი იშვიათი ვაზის ჯიშები, რომელიც დღეს ფაქტობრივად გადაშენების პირასაა. ასევე მომავალ წელს გავაშენებთ იშვიათი ჯიშების ვენახს და რამდენიმე წელში ისეთ ღვინოებს ვაწარმოებთ, რომელიც ფაქტობრივად არასდროს უწარმოებიათ საქართველოში.

გვყავს ამერიკელი პარტნიორი და თანაბარი პარტნიორობით ვცდილობთ ამ პროექტის განხორციელებას. დაზუსტებით გამიჭირდება თქმა, თუმცა მასშტაბურ ინვესტიციაზე არ არის საუბარი,“ - აცხადებს ქეთო ნინიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები