მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოფშორების კანონი“ ქვეყანას სარგებელს არ მოუტანს და ვერც დიდად დააზიანებს - მოსაზრება

ვასილ რევიშვილი

ფინანსისტ ვასილ რევიშვილის აზრით, ე.წ. „ოფშორების კანონი“ ქვეყანას არანაირ სარგებელს არ მოუტანს და დიდად ვერც დააზიანებს, თუმცა დაჩქარებული წესით მიღებული საგადასახადო შეღავათების უკან ისიც კონკრეტული ადამიანების ინტერესებს ხედავს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

- არ მინდა, კონსპირაციულ თეორიებზე ვისაუბრო, მაგრამ შეიძლება, ეს იყოს საკუთარი აქტივების დაცვის ერთ-ერთი საშუალება, რათა რაიმე მოძრავი ქონების კონფისკაცია არ მოხდეს. სხვა შემთხვევაში, ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანას წინ ისედაც არაფერი უდგას - ფულის შემოტანა არ იბეგრება; მოგების გადასახადითაც დივიდენდის გაცემის შემთხვევაში იბეგრება და ა.შ.

- ანუ ე.წ. „ოფშორების კანონის“ უკან თქვენც ვიღაცის პორტრეტი დაინახეთ?

- ვისიც არ უნდა იყოს, ფაქტია...

- ვიცი, რომ საგადასახადო შეღავათებს კარგად გაეცანით და როგორ ფიქრობთ, არის ეს იმ დონის შეღავათები, რომ კომპანიებმა შეიძლება ოფშორები დატოვონ და საქართველოში გადმოიტანონ აქტივები?

- არანაირად... მე ძალიან კრიტიკული არ ვარ ამ კანონის მიმართ განწყობილი და არა იმიტომ, რომ დიდი სარგებლის მომტანია, არამედ იმიტომ, რომ ისეთი დიდი ზიანი არ მოაქვს ქვეყნისთვის; ეს კანონი ქვეყანას არანაირ სარგებელს არ მოუტანს და რისკიც ძალიან მცირეა. მესმის, გაიჟღერა რისკებმა, რომ შეიძლება, რუსული ფული შემოვიდეს - ეს თუ ენდომებათ, ამისთვის სხვა მექანიზმებიც არსებობს. მოკლედ, დიახ, შეიძლება ეს კანონი მორგებული იყოს ადამიანებზე ან ადამიანთა გარკვეულ ჯგუფზე, მაგრამ ცალკე აღებულ ამ კანონში დიდი რისკებს ვერ ვხედავ...

- საგადასახადო შეღავათების გარეშე, რომელსაც დიდი ხმაური მოჰყვა და პრეზიდენტმაც ვეტო დაადო, ძალიან ძვირი დაუჯდებოდა ადამიანთა ჯგუფს ოფშორებიდან აქტივების გადმოტანა?

- მილიონს კაპიკი რომ დააკლდება, მილიონი არაა... აქ უკვე სიძუნწის ნიშნები იკვეთება.... რადგან შემიძლია და გამსდის...

- ვინ შეიძლება ისარგებლოს ე.წ. საგადასახადო შეღავათებით?

- იცით, შეიძლება, პოლიტიკასთან არააფილირებულმა ადამიანებმაც გამოიყენონ, თუმცა ოფშორული ზონები იმდენად ნეიტრალურია, რომ პირობითად, საქართველოში გექნება აქტივი თუ ოფშორში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ ვფიქრობ, მაინც უფრო პოლიტიკასთან დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიიღეს ეს კანონი.

- თან ოფშორებიდან აქტივების გადმოტანა FDI-ის სტატისტიკასაც არ გააუმჯობესებს, ხომ?

- რა შეიძლება გადმოვდეს ოფშორებიდან საქართველოში? - კაპიტალზე თუა საუბარი, არაფერი უშლის ოფშორულ კომპანიას ხელს, გახსნას საქართველოში ანგარიში და გადმორიცხოს ფული. სავარაუდოდ საუბარია, ე.წ. ლაქშერი აქტივებზე, მაგალითად,, თვითმფრინავებზე...

- იახტები?

- ნაკლებად... ნავმისადგომები არ გვაქვს (იღიმის)

- ნახატები?

- მშვენიერი იდეაა. მოკლედ, ეს კანონი საქართველოს ვერ გააბრწყინებს და ეკონომიკურ კეთილდღეობას ხელს ვერ შეუწყობს.

საგადასახადო შეღავათები ოფშორებიდან აქტივების გადმოტანაზე - რა იცვლება და რაზე (არ) აქვს პასუხები ფინანსთა მინისტრს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები