ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ირწმუნება, რომ ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათების ამოქმედება, ამ აქტივების მფლობელებს საშუალებას მისცემს უფრო აქტიური წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ამის შესახებ მან BMG-ის კითხვების საპასუხოდ განაცხადა, თუმცა არც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ეწერა და არც ლაშა ხუციშვილს აქვს ინფორმაცია, დაახლოებით, რამდენმა კომპანიამ შეიძლება აქტივები ოფშორებიდან საქართველოში გადმოიტანოს; ასევე, როგორც გავარკვიეთ, საგადასახადო შეღავათების მომზადებისას ხელისუფლებას ბიზნესთან კომუნიკაცია არ ჰქონია. "ოფშორების შესახებ საგადასახადო შეღავათებს და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებს ერთმანეთთან საერთო არ აქვს" - ამბობს ის. ფინანსთა მინისტრი „ცერემონიების სასახლეში“ „საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკის“ თემაზე გამართული ეკონომიკური ფორუმის დისკუსიის შემდეგ ჩავწერეთ, რომელსაც ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენელი ესწრებოდა, თუმცა პრეზენტაცია და დისკუსიაც ძირითადად, ე.წ. „ოფშორების კანონს“ შეეხებოდა.
- ბატონო ლაშა, რა იყო ძირითადი მიზეზი, რატომაც საგადასახადო კოდექსში აღნიშნული ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა?
- შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანა ემსახურება მნიშვნელოვან მიზანს - მოგება, რომელიც გენერირდება საქართველოში და შემდეგ ქვეყნის გარეთ გადის, რადგან მათი დამფუძნებლები რეგისტრირებულები არიან ოფშორში, დაბრუნდეს საქართველოში და მოგება, რომელიც საქართველოში შეიქმნება, აქვე დარჩეს. ამას მსოფლიოში ყველა ქვეყანა ახორციელებს, რომ ბიზნესს მაქსიმალურად ნაკლები მოტივაცია ჰქონდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში გენერირებული მოგება გავიდეს ქვეყნის გარეთ. ზოგ განვითარებულ ქვეყანას ამისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტი აქვს, ზოგს მეტად აქვს შესაძლებლობა გარკვეულწილად სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელოს. ზოგი ქვეყანა ამას აკეთებს წახალისების და მამოტივირებელი ცვლილებების განხორციელებით. მნიშვნელოვანია საზოგადოებას ავუხსნათ, რომ აღნიშნული საგადასახადო შეღავათები არ გულისხმობს რაიმე ტიპის უპირატესობას იმ ბიზნესთან მიმართებით, რომელიც საქართველოში დღეს არის რეგისტრირებული და ფუნქციონირებს ანუ შეღავათები არ ეხება ოპერაციებს, რომელსაც გადმოტანის შემდგომ ეს ბიზნესები საქართველოში განახორციელებენ. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა, ინვესტიციები საქართველოში შემოვიდეს, კარებშივე არ უნდა დახვდეს საგადასახადო მექანიზმი და უშუალოდ ოფშორებიდან აქტივების გადმოტანის ოპერაცია არ იყოს დაბეგვრის საგანი. მას შემდეგ, რაც აქტივები გადმოვა , ეს ბიზნესი ისევე გადაიხდის ყველა გადასახადს, რომელიც საქართველოშია.
- თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ - კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე....
- ყველა კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადის გადახდას აქტივების გადმოტანისთანავე დაიწყებს; დიახ, ერთადერთი გამონაკლისია, რომ გარკვეული პერიოდი ქონების გადასახადის გადახდისგან თავისუფლდებიან; ასევე, დავაზუსტებ, რომ ქონების გადასახადის შემთხვევაში ეს არ ეხება უძრავ ქონებას, საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მოძრავი ქონება იქნება შემოტანილი. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, არც ოფშორულ ქვეყნებში და არც სხვა ბევრ ქვეყანაში, ასეთი ტიპის ქონება რაც შეიძლება ფიზიკურად შემოვიდეს, ქონების გადასახადით არ იბეგრება.
- „აქტივების გადმოტანაში“ რა იგულისხმება? - ეს კითხვებიც ისმოდა ბოლო დღეების განმავლობაში...
- ცალსახაა, რომ უძრავი ქონება ვერ იქნება. მათ შორის ის მოდელი, რაზედაც ვსაუბრობთ, რომ ქართულ კომპანიას, რომელსაც საქართველოში უძრავი ქონება და აქტივები გააჩნია და ამის მფლობელი არის უცხოური კომპანია, მისი რელოკაციის შემთხვევაში ქართული კომპანია ჩვეულებრივად გააგრძელებს ქონების გადასახადის გადახდას, როგორც აქამდე. ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ ეხება იმ ქონებას, რაც დღეს საქართველოში არის და ფიზიკურად მდებარეობს. ეს ქონება შეიძლება მხოლოდ მოძრავი იყოს ან ძირითადი საშუალებები, თუმცა არსებითად არ ველოდებით, რომ აქ დიდი ნაწილი ქონების იქნება იმ სტრუქტურიდან გამომდინარე, რაც ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს გააჩნიათ.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ოფშორებიდან აქტივების გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათების მიზანია, ხელი შეეწყოს ინვესტიციების მოზიდვას. ამ მხრივ, კანონპროექტის განმარტებით ბარათში არაფერი წერია. რა მოცულობის ინვესტიციას ელოდებით? ან გქონდათ კომუნიკაცია კომპანიებთან, რომლებსაც ოფშორებში აქვთ თავისი აქტივი რეგისტრირებული და არიან კონკრეტული ბიზნესმენები ან ჯგუფები, რომლებიც ოფშორიდან გამოსვლით არიან დაინტერესებულები?
- ამ შემთხვევაში ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი; შემცირებულია ის ეფექტი, რა ეფექტიც, წლების განმავლობაში, ოფშორებში ბიზნესის არსებობას ჰქონდა. პირველი არის საგადასახადო განაკვეთები, რომელიც ბევრ ოფშორულ ზონაში ნულოვანია და ასევე მნიშვნელოვანია, იურიდიული ხარჯები; მეორე ფაქტორია საგადასახადო გამჭვირვალობის კომპონენტი - ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის შეცვლილი საერთაშორისო რეგულაციები ამ მიმართულებით. ვგულისხმობ იმას, რომ 1. განაკვეთებთან დაკავშირებით მიღებულია პირველი სვეტი და მეორე სვეტზე პრაქტიკულად შეთანხმებაა მიღწეული - დაწესდება მინიმალური 15%-იანი გადასახადი, მიუხედავად იმისა, ბიზნესი იქნება თუ არა ოფშორში. ამ შემთხვევაში მას მაინც მოუწევს იმ მინიმალური გადასახადის გადახდა იმ ქვეყანაში, საიდანაც ის არის შესული. 2. მინიმუმამდე დადის ოფშორებთან მიმართებით დაბალი საგადასახადო განაკვეთის სტიმული, ხოლო მეორე მხრივ, პრაქტიკულად ყველა ოფშორს უწევს ანგარიშების გახსნა და იმ საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, რომელიც დაწესებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ერთი მხრივ, სახეზე გვაქვს, რომ დღეს ოფშორები კარგავენ მნიშვნელოვან მამოტივირებელ სტიმულს იმისათვის, რომ იქ ბიზნესები დარეგისტრირდეს და მეორე მხრივ, საქართველოში საგადასახადო მიმართულებით ძალიან კარგი გარემოა, რადგან დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანაა საქართველო. რაც შეეხება გამჭვირვალობის მიმართულებით კითხვებს, ერთი თვის წინ ანგარიში გამოქვეყნდა OECD-ის მიერ, სადაც საქართველოს საგადასახადო გამჭვირვალობის სტანდარტი დადებითად არის შეფასებული.
- ვინმესთან კომუნიკაცია გქონდათ?
- კომუნიკაცია არ ყოფილა.
- ოფშორებში ინფორმაცია დამფუძნებლების შესახებ დახურულია. ამ შემთხვევაში როგორ დაადგენთ, რომ ოფშორული კომპანიისა და ადგილობრივი კომპანიის მფლობელი ერთი და იგივე ადამიანია ან ბიზნესჯგუფია?
- ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ბენეფიციარი მფლობელი ცნობილი არ არის, თუმცა სახელმწიფოებისთვის ეს ცნობილია, უკვე კარგა ხანია. ინფორმაციის გაცვლის სტანდარტი, რომელზედაც 160 ქვეყანაზე მეტია მიერთებული, უზრუნველყოფს, რომ ეს ინფორმაცია საგადასახადო ორგანოებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იყოს. ასეთ ინფორმაციას საქართველოც იღებს.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტმა 19 აპრილს დაჩქარებული წესით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას. კანონპროექტის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან. ცვლილებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, წესდება საგადასახადო შეღავათები შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც განხორციელდება 2028 წლის 1 იანვრამდე. კერძოდ, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან, ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.