საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში BMG-ის დაუდასტურეს, რომ "ღია მმართველობის პარტნიორობის" OGP ორგანიზაციაში საქართველოს წევრობა შეუჩერდა.
OGP-ში განმარტავენ, რომ ეს მოხდა იმ გაფრთხილებების შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო სამოქმედო სტრატეგიის მიღების დაგვიანების, ამ სტრატეგიაში OGP-ისთვის არადამაკმაყოფილებელი და არაამბიციური მიზნების განსაზღვრის და შემდეგ 2024 წლის მაისში სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი რუსული კანონის მიღების გამო. ამასთან, საგულისხმოა ფაქტი, რომ 2018 წელს საქართველო ღია მმართველობის მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯების გამო ამ ორგანიზაციის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელიც იყო.
საქმე ის არის, რომ “ღია მმართველობის პარტნიორობა” არის გლობალური ქსელი, რომლის მიზანიც მსოფლიოს ქვეყნებში ინფორმაციის საჯაროობისა და ღია მმართველობის ხელშეწყობაა. ორგანიზაციამ 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა წერილით, რადგანაც საქართველომ არ დაიცვა OGP-ის პროცესი სამოქმედო გეგმის ორი ციკლის პერიოდში და არ წარადგინა 2021-2023 და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმები. აღნიშნულ წერილში OGP-ის აღმასრულებელი დირექტორი სანჯეი პრადანი აცხადებდა, რომ საქართველომ 2022 წელს დაარღვია ვადები, რაც საქართველოს OGP-ში მონაწილეობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.
ახალი სტრატეგიის შემუშავებისა და გამოქვეყნებისთვის OGP-იმ საქართველოს ვადად 2023 წლის 31 დეკემბერი განუსაზღვრა, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სტრატეგიის დამტკიცება გასული წლის 29 დეკემბერს მოხდა. თავად ამ სტრატეგიის შეფასებისას OGP-იმ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაჩვენებლები არაამბიციური იყო. ამას კი 2024 წლის გაზაფხულზე დაემატა უცხოური გავლენების გამჭვირვალობის რუსული კანონის მიღება, რაც საბოლოოდ გახდა OGP-ის გადაწყვეტილების განმსაზღვრელი საქართველოსთვის შეეჩერებინა წევრობა, რადგანაც აღნიშნული კანონი იმ ფორმით და მიზნით რა ფორმითაც ის ხელისუფლებამ მიიღო, OGP-ის შეფასებით შეუსაბამოა ორგანიზაციის მისიასთან, ამიტომაც საქართველოს წევრობა შეუჩერდა.