მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოჯახებში არაფორმალურად დასაქმების სფერო უნდა დარეგულირდეს - საპარლამენტო საბჭოს რეკომენდაცია

627b8dfcd1936
გიორგი თოლორდავა
12.05.22 00:00
1129
თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ არაფორმალურ ეკონომიკაში ქალთა უფლებების შესახებ თემატური კვლევა ჩაატარა, საიდანაც ირკვევა, რომ ოჯახებში არაფორმალურად დასაქმებულ ქალთა უმრავლესობა უფლებრივი მდგომარეობით სახელმწიფოს კონტროლის მიღმაა. არასათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს გამო, მათ არ გააჩნიათ საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმები და არც სათანადო ცოდნა.

„ეს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოვლინდა კოვიდ-პანდემიის დროს. ბევრმა დაკარგა სამუშაო, მათ ვინც სამუშაოს შენარჩუნება შეძლო, აღმოჩნდა კიდევ უფრო კაბალურ პირობებში დასაქმებული“, - წერია ანგარიშში.

საპარლამენტო საბჭოს შეფასებით, ოჯახში დასაქმების მიმართულებით მნიშვნელოვანია შესაბამისი სტრატეგიისა, ხედვისა და საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება.

„სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა არაფორმალურ/ოჯახში დასაქმებასთან მიმართებით საკანონმდებლო რეგულირებისა და აღსრულების მექანიზმების არარსებობაა, რის გამოც სახელმწიფოს კონტროლსა და მეთვალყურეობის მიღმაა დარჩენილი ეს ურთიერთობები. შესაბამისად, სახელმწიფოს არ აქვს არც კონტროლის მექანიზმი და არც შესაბამისი შესაძლებლობა ოჯახში დასაქმებულებს შესთავაზოს სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები.

ამასთან, სახელმწიფოს გამოწვევაა ისიც, რომ ამ ურთიერთობებიდან სახელმწიფო ვერ იღებს ვერანაირ შემოსავალს ამ სექტორიდან - არაფორმალური დასაქმებიდან საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვა და მიღება შეუძლებელია. ამის მიზეზი ისიცაა, რომ საზოგადოება არ არის ინფორმირებული ურთიერთობებისა და სამართლებრივი ჩარჩოების, გარანტიებისა თუ პასუხისმგებლობის ფარგლების თაობაზე.

მოსახლეობის ამ ნაწილს (ოჯახში დასაქმებულებს) არ აქვთ არანაირი დაცვის გარანტია, ხოლო სახელმწიფოს მათ ინტერესებზე ზრუნვის რაიმე შესაძლებლობა ან ბერკეტი, რაც იმ გარემოებებითაც არის განპირობებული, რომ არ ხდება არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების სრულყოფილი და ზუსტი სტატისტიკის წარმოება. ვინაიდან, არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო, ასევე დადგენილი გასაჩივრების მექანიზმები ან სერვისები, სახელმწიფოს მხრიდან არაფორმალური დასაქმების შემთხვევაში, ვერც ამ საშუალებით ხდება ინფორმაციის მიღება ამ პირთა შესახებ“, - წერია დოკუმენტში.

აღნიშნული გამოწვევების გადასაჭრელად თანასწორობის საპარლამენტო საბჭო რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელთაც BMG უცვლელად გთავაზობთ:

1. არაფორმალური სექტორის ჩამოყალიბების ფაქტორების და მიზეზების ყოველწლიური ანალიზი.

2. პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების ფორმალური დასაქმების სფეროში ტრანსფორმირების მიზნით. ILO-ს 189-ე კონვენციის რატიფიკაციისთვის მომზადება.

3. პროფესიული ორგანიზაციების ჩამოყალიბება ან/და არსებული ორგანიზაციების გაძლიერება, ასევე კოლექტიური შეთანხმებების გაფორმების ხელშეწყობა, რომელთა მეშვეობით მოხდება ოჯახში დასაქმებულთა უფლებების ეფექტიანი დაცვა, კონსულტირება, მათი გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება. ამისთვის საჭიროა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები როგორც დასაქმებულთათვის, ასევე დამსაქმებლებისათვის. უფასო იურიდიული სერვისების შექმნა.

4. ოჯახში დასაქმებულთა ინფორმირება ხელშეკრულების პირობების შესახებ.

5. ოჯახში დასაქმებული პირებისთვის, მათ შორის მიგრანტებისთვის საგანმანათლებლო ტრენინგებისა და სწავლების დანერგვის ხელშეწყობა.

6. საგადასახადო შეღავათებისა და საჭიროებებზე მორგებული რეგულირების შემუშავება.

7. ოჯახში დასაქმებულთა სქესისა და ასაკის მიხედვით დეტალიზებული სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა.

8. ოჯახში დასაქმებულის დეფინიციის შემოღება შრომის კოდექსში და შრომის კოდექსის მოქმედების ფარგლების განსაზღვრა.

9. ოჯახში დასაქმებულთა შრომითი უფლებების საკანონმდებლო რეგულირება და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა.

10. ოჯახში დასაქმებულთა ჩართვა დაგროვებით საპენსიო სქემაში.

11. ოჯახში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულების, მშობლის შვებულების უფლების გავრცელება ოჯახში დასაქმებულებზე. ოჯახში დასაქმებულთა მიმართ ნებისმიერი დისკრიმინაციის პრევენცია ან/და აღმოფხვრა.

12. ოჯახში დასაქმებულთათვის ეფექტიანი დაცვის მექანიზმები შექმნა. სამედიცინო შემოწმებისა თუ სხვა საბაზისო სერვისებისადმი წვდომა ოჯახში დასაქმების სპეციფიკის გათვალისწინებით, ოჯახში დასაქმებულთა ინფორმირება.

13. ოჯახში დასაქმებულის დამსაქმებელ ოჯახში ცხოვრების შემთხვევაში შესაბამისი პირობების საკანონმდებლო რეგულირება.

14. ოჯახში დასაქმებულთა უფლებების დაცვის აღსრულების მექანიზმების შემუშავება. ინსპექტორის როლის განსაზღვრა ოჯახში დასაქმებულთა უფლებების ზედამხედველობის მიზნით.

15. მიზანშეწონილია განხორციელდეს ოჯახში დასაქმებულ პირთა ძალადობის შემთხვევაში მათი რეაბილიტაციის მიზნით პროგრამების შემუშავება.

16. მიზანშეწონილია განხორციელდეს დასაქმების სააგენტოების მონიტორინგი, კერძო ორგანიზაციებისა და დასაქმების სააგენტოების მიერ საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები